
აშშ-ის მარეგულირებლები იკვლევენ, დაარღვია თუ არა Binance Holdings-მა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის წესები ციფრული მონეტების გაყიდვით, როცა კომპანიამ 5 წლის წინ ფუნქციონირება დაიწყო.
კერძოდ, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია იძიებს ფირმის წარმოშობას და მის BNB მონეტას, რომელიც ახლა მსოფლიოს მეხუთე უმსხვილესი კრიპტოვალუტაა. გამომძიებლები იკვლევენ ემთხვევა თუ არა 2017 წელს BNB-ის თავდაპირველი შეთავაზება ფასიანი ქაღალდების გაყიდვებს, რომელიც სააგენტოში უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული.
BNB-ის საწყისების გამოძიება შესაძლოა პრობლემატური იყოს Binance-ისთვის, რომელიც ვაშინგტონში კიდევ რამდენიმე გამოძიების მონაწილეა.
ცნობისთვის, ვირტუალურ მონეტაზე SEC-ის უფლებამოსილების გავრცელება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ინვესტორები მას კომპანიის ან პროექტის დასაფინანსებლად ყიდულობენ განზრახვით, რომ ამისგან სარგებელი მიიღონ. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 1946 წლის გადაწყვეტილებას, რომელიც საინვესტიციო კონტრაქტებს განსაზღვრავს.
თუმცა, Binance-ი, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტო ბირჟას მართავს ამბობს, რომ ის არცერთ ქვეყანაში არ არის დაფუძნებული, რაც ცენტრალური მნიშვნელობის არგუმენტია ამერიკელი გამომძიებლების წინააღმდეგ, რომლებიც კრიპტო ინდუსტრიის გაკონტროლებას ცდილობენ. Bloomberg News-მა ადრე გააშუქა, რომ კომპანია ასევე იუსტიციის დეპარტამენტის, სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის და შემოსავლების სამსახურის გამოძიების საგანიცაა.
2017 წელს BNB-ის გამოსვლამდე Binance-მა სამთავრობო საინფორმაციო დოკუმენტში, სადაც გეგმები დასახა, აღნიშნა, რომ მონეტის ბრუნვის ლიმიტი $200 მილიონი იქნებოდა. კომპანიის მიხედვით, თავდაპირველი შეთავაზების სახით მონეტების ნახევარი გაიყიდებოდა, რასაც მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე პლატფორმაზე ჰქონდა ადგილი. დამატებით $80 მილიონი კომპანიის დამფუძნებლებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, რომელშიც მისი მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი ჩენგპენგ ჟაოც შედის.
საინფორმაციო დოკუმენტში, რომელიც Bloomberg-მაც განიხილა, Binance აცხადებდა, რომ მონეტის თავდაპირველი შეთავაზებით მიღებული თანხების 85% Binance-ის გლობალური ბირჟის განსავითარებლად დაიხარჯებოდა. დოკუმენტში აღნიშნული არ იყო შეზღუდვები, რომლებიც სავარაუდო მონაწილე პირებზე იქნებოდა დაწესებული.
BNB-ისთვის ინვესტორების მოსაზიდად Binance-მა მონეტით გადახდისას ნაკლები საკომისიოები დააწესა. ასევე, ციფრული ვალუტით გადაუხადა კომპანიის ბევრ კონტრაქტორს, სადაც სულ მცირე ერთი აშშ-ს მოქალაქე შედის, რომელმაც BNB თავდაპირველი შეთავაზების დროს შეისყიდა. ეს დეტალი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს SEC-ისთვის, რომელსაც კომპანიაზე იურისდიქციის გავრცელების დამტკიცება მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ SEC-ის გამოძიება შესაძლოა არ მივიდეს მარეგულირებლის მიერ ფირმის ან მასთან დაკავშირებული ინდივიდისთვის ჩივილამდე. საქმესთან დაახლოებული პირების თქმით, BNB-ის გამოძიება, სავარაუდოდ, ნებისმიერ დასკვნას თვეებით არის დაშორებული.
ციფრული ვალუტის მიღმა SEC-ი ასევე იძიებს სავარაუდო სავაჭრო გადაცდომებს Binance-ის ინსაიდერების მიერ. ასევე, არის თუ არა კომპანიის ამერიკული ფილიალი Binance.US საკმარისად მოშორებული მის გლობალურ ქსელს.
Binance-ი ხაზს უსვამს, რომ Binance.com და Binance.US განცალკევებული ორგანიზაციებია. კომპანიის თქმით, Binance.US მხოლოდ აშშ-ს მომხმარებლებზე კონცენტრირდება და მომხმარებელს მხოლოდ იმ სერვისებსა და პროდუქტს სთავაზობს, რომელიც აშშ-ს რეგულაციებს ემორჩილება.
Covid-19 პანდემიის დროს, კრიპტოს მეტეორული ზრდის ფონზე, BNB-ის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ციფრული ვალუტის ღირებულება ამჟამად დაახლოებით $300-ია და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $48,5 მილიარდს შეადგენს.
დასკვნამ, რომ BNB ფასიანი ქაღალდია შესაძლოა Binance-ი Ripple Labs-ის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენოს, რომელიც SEC-თან ხანგრძლივ სასამართლო დავაშია ჩაბმული. ეს მას შემდეგ, რაც მარეგულირებელმა კომპანიის ორ აღმასრულებელს კრიპტოვალუტა XRP-ის გაყიდვის წესების დარღვევისთვის უჩივლა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეტ რობინსონი