LIVE

Rosneft-ი Petrocas-ის 49%-ს აღარ ფლობს - ქართულმა მხარემ წილი გამოისყიდა

06 ივნ 202214:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1456
Rosneft-ი Petrocas-ის 49%-ს აღარ ფლობს - ქართულმა მხარემ წილი გამოისყიდა

რუსეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია Rosneft-ი Petrocas Energy Group-ის 49%-იანი წლის მფლობელი აღარ არის და შესაბამისად, აღარც Gulf Georgia-ს აქციონერია. კომპანიის განცხადებით, წილი Petrocas-ის დამფუძნებელმა ვანო ნაკაიძემ გასულ თვეს გამოისყიდა.

"Petrocas-ი აცხადებს, რომ დასრულებულია 2022 წლის 11 მაისის ტრანზაქცია, რომლითაც Rosneft Oil Company-ის 49%-იანი მინორიტარული წილი Petrocas Energy Group-ის დამფუძნებელმა მმართველმა პარტნიორმა და ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ნაკაიძემ გამოისყიდა", - აღნიშნულია Petrocas Energy Group-ის ვებგვერდზე. 

ტრანზაქციის შედეგად, Rosneft-მა მთლიანად დატოვა თავისი წილობრივი პოზიცია და საბჭოს მისი ორი წარმომადგენელი თანამდებობიდან გადადგა. 

Petrocas Energy Group 2009 წელს დაფუძნდა. 2014 წლის დეკემბერში, Petrocas Energy Group-მა და Rosneft Oil Company-მ შექმნეს ერთობლივი საწარმო, რომელშიც Rosneft-მა მინორიტარული 49%-იანი წილი შეიძინა. 

2010 წლიდან Petrocas Energy Group ჩართულია ნავთობპროდუქტების ვაჭრობაში, საცალო და საავიაციო საწვავის დისტრიბუციასა და ნავთობპროდუქტების ლოჯისტიკურ ბიზნესში შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიის, კასპიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში.

2010 წელს Petrocas-მა მოიპოვა Gulf Oil International-ის სრული ლიცენზია და დააფუძნა Gulf Georgia. 2011 წელს Petrocas-მა ფოთის პორტის ნავთობის ტერმინალი შეიძინა, 2017 წელს კი Gulf Aviation დაემატა.