LIVE

შრინკფლაცია - რატომ მცირდება ზომაში პროდუქტები, რომლებსაც ყიდულობთ?

06 ივნ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1161
შრინკფლაცია - რატომ მცირდება ზომაში პროდუქტები, რომლებსაც ყიდულობთ?

სურსათი ძვირდება, თუმცა, გაზრდილი ფასებისგან განსხვავებით, ადამიანები ხშირად ვერ ამჩნევენ, რომ პროდუქტები ზომაშიც მცირდება. ამ გზით, კომპანიას შეუძლია ეფექტურად აუაროს გვერდი ფასის პირდაპირ ზრდას, თუმცა მაინც მეტი გადაახდევინოს მომხმარებელს. ეს ახალი ტაქტიკა არ არის, თუმცა ე.წ "შრინკფლაცია", ანუ კომპანიების მიერ პროდუქტის ზომის შემცირება ძველი ფასის შენარჩუნებით, კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ინდუსტრიას ყველაფერზე გაეზარდა ფასი -მცენარეული ზეთებიდან დაწყებული, ენერგიით დამთავრებული.

როდის დაიწყო ეს ტენდენცია?

იუმორისტმა არტ ბუჩვალდმა პირველმა გაამახვილა ყურადღება ამ პრაქტიკაზე საავტორო სვეტში სათაურით "შეფუთული ინფლაცია", რომელიც 1969 წელს გამოქვეყნდა. ამ ფენომენმა კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიქცია 1970-იან წლებში, როცა მწარმოებლებმა მზარდი ხარჯებისა და შეჩერებული ზრდის ფონზე მოგების მარჟის შესანარჩუნებლად კრეატიული გზების ძიება დაიწყეს. დღეს "შრინკფლაციას" უკვე ყველგან ვხვდებით, ავსტრალიიდან და ინდოეთიდან დაწყებული, დიდ ბრიტანეთამდე. Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პროდუქტების ზომაში შემცირების მეტი მაგალითები დააფიქსირა. მაგალითად, Mondelez International-მა შეამცირა Toblerone-ის შოკოლადის ფილის ზომა. თუმცა, კომპანიამ მომხმარებლის პროტესტის შემდეგ ორიგინალი ზომა უკან დააბრუნა.

რა სახის საქონელს ეხება შრინკფლაცია?

ყველაფერს შოკოლადიდან და ჩიფსებიდან დაწყებული ძაღლის საკვებით დამთავრებული. თუ პროდუქტი შეფუთულ პაკეტშია, ის შეიძლება ზომაში შემცირდეს. ფასი ზოგჯერ იგივე რჩება ან პროდუქტის ზომისა და წონის შემცირებასთან შედარებით არაპროპორციულად მცირდება. ეს ართულებს მომხმარებლებისთვის იმის გაცნობიერებას, რომ გადახდილ თანხაში ბევრად ნაკლები მოცულობის პროდუქტს იღებენ. ბრიტანული საცალო ვაჭრობის სექტორის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ძირითადად მომხმარებლები შოკოლადის ზომაში კლებას აპროტესტებენ, შემდეგ ადგილებზეა ყველის და რძის პროდუქტები. 

ყველაზე მეტად რომელი ბრენდები ამცირებენ პროდუქტის ზომას?

მსხვილი მწარმოებლების უმეტესობა ამ ხერხს მიმართავს. დაწყებული Nestle-დან დამთავრებული Mondelez-ით, რომელმაც ბოლოს ყურადღება Cadbury Dairy Milk-ის 200 გრამიანი შეფუთვიდან 180 გრამამდე შემცირების გამო მიიპყრო. ასევე, რძის პროდუქტების გერმანულმა მწარმოებელმა Muller-მა Corner-ის იოგურტები 124 გრამამდე შეამცირა 130 გრამიდან. შეერთებულ შტატებში PepsiCo-მ Doritos-ის პაკეტებში ჩიფსების რაოდენობა შეამცირა, Domino's Pizza-მ ქათმის ფრთების რაოდენობა შეთავაზებებში, ხოლო Tillamook-მა ნაყინის კოლოფების ზომა 56 უნციიდან 48 უნციამდე.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

შეფუთული პროდუქტის გამოყენებაზე უარის თქმა დღევანდელ სამყაროში რთულია. მით უმეტეს, თუ ჯერ კიდევ ვერ იპოვეთ მაღაზია, რომელიც საქონელს წონით ყიდის. მეორე მხრივ, მომხმარებლებს შეუძლიათ შეადარონ ფასები ონლაინ საიტების გამოყენებით და მაგალითად, გადავიდნენ სუპერმარკეტების ბრენდირებული საქონლის მოხმარებაზე, მსხვილი მწარმოებლების პროდუქციის ნაცვლად. 

რით ხსნის ინდუსტრია შრინკფლაციას?

კომპანიები პორციების შემცირების შესახებ სხვადასხვა განმარტებებს იძლევიან. ზოგი ამბობს, რომ მყიდველებს ურჩევნიათ ცოტა ნაკლები იყიდონ და პროდუქტი ხელმისაწვდომი დარჩეს, სხვები კი პროდუქტის ზომის შემცირების მიზეზად საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და გარემოს დაცვას ასახელებენ. Mondelez-მა განაცხადა, რომ Dairy Milk-ის ზომა ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად შეამცირა, რათა კონკურენტუნარიანობა შეენარჩუნებინა. ამასთან, დიდი ბრიტანეთის საცალო მოვაჭრეების უმეტესობა ამბობს, რომ გაყიდვებისთვის უმჯობესია შეფუთვის ზომა შემცირდეს, ვიდრე ფასები გაიზარდოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეიტი ლინსელი