
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთის იზოლირებისთვის უფრო მეტი ქვეყანა უნდა შეუერთდეს საერთაშორისო ძალისხმევას და თქვა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი არ უნდა მოიგოს.
"პუტინს სურს დაბრუნდეს მსოფლიო წესრიგი, სადაც ძლიერები უკარნახებენ რა არის სწორი, სადაც ყველას არ აქვს თავისუფლების, სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის უფლება. ეს არის იმპერიალიზმი.
ეს არის მცდელობა გადაგვისროლოს იმ დროში, როდესაც ომი იყო საერთო პოლიტიკური ინსტრუმენტი, როდესაც ჩვენს კონტინენტს და მსოფლიოს არ ჰქონდათ მშვიდობის სტაბილური წესრიგი",- თქვა შოლცმა.
შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის უკრაინის არსებობას, არამედ ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის საერთაშორისო წესრიგს.
"ამიტომ ჩვენი მიზანი ძალიან ნათელია: პუტინმა არ უნდა მოიგოს თავისი ომი. და მე დარწმუნებული ვარ: ის არ მოიგებს მას", - თქვა შოლცმა.
პუტინი თავის სამხედრო კამპანიას მხოლოდ მაშინ დაასრულებს, თუ ის გაანალიზებს, რომ უკრაინის თავდაცვას ვერ დაარღვევს: "სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინას".
შოლცმა ასევე ხაზი გაუსვა გერმანიის ზოგიერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც ომმა განაპირობა: მათ შორისაა რუსეთის ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და კონფლიქტის ზონებში იარაღის არ გაგზავნის გრძელვადიან პოლიტიკაზე უარის თქმა. გერმანიამ უკრაინას გაუგზავნა სამხედრო აღჭურვილობა, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და საზენიტო თავდაცვის სისტემები. ასევე, ნიდერლანდებთან ერთად, გეგმავს მძიმე არტილერიის მიწოდებას.
შოლცმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია და მისი მოკავშირეები შეთანხმებულები არიან, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ბლოკს პირდაპირ საომარ მდგომარეობაში გადაიყვანს, რადგან ეს ბირთვულ ძალების დაპირისპირებას ნიშნავს.
"ნაკარნახევი მშვიდობა არ იქნება. უკრაინა ამას არ დათანხმდება, არ დავთანხმდებით ჩვენც", - თქვა კანცლერმა.
გერმანიას, რომელიც ამჟამად შვიდი ინდუსტრიული ქვეყნის ჯგუფს თავმჯდომარეობს, სურს თავიდან აიცილოს განხეთქილება, რომლის დროსაც ევროპა და აშშ ჩინეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობით განვითარებადი ძალების ფრონტის წინაშე აღმოჩნდებიან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ ნიენბერი