LIVE

აპრილში ბანკებმა 165 მილიონი ლარით ნაკლები სესხი გასცეს

25 მაი 202215:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 603
აპრილში ბანკებმა 165 მილიონი ლარით ნაკლები სესხი გასცეს

2022 წლის აპრილში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 165 მილიონი ლარით (0.38%-ით) შემცირდა და პირველი მაისისათვის 43 მილიარდი ლარი შეადგინა.

კლება უცხოური ვალუტით გაცემული სესხების შემცირებას უკავშირდება. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, აპრილში ლარის სესხების მოცულობა 226.6 მილიონი ლარით (+1.06%) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 391.7 მილიონი ლარით (-1.79%) შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.57 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 13.55 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

აპრილის განმავლობაში 0.10%-ით, ანუ 22.12 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების დაკრედიტება და პირველი მაისისათვის 22.19 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 0.71 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 50-% მცირედით გადააჭარბა.

რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 2022 წლის პირველი მაისისათვის 37 მილიარდ ლარს აღემატება, რაც 127.2 მილიონი ლარით, ანუ 0.34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია თვიურ ჭრილში. 

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 40.52% შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.08 პროცენტული პუნქტით.