
კარგი ანგარიში შეიძლება გახდეს მიზეზი კომპანიის ყიდვისა, ცუდი კი - გაყიდვის. როდესაც ვორენ ბაფეტს ჰკითხეს როგორ გახდა წარმატებული ინვესტირებაში, მან უპასუხა: „ჩვენ ვკითხულობთ ასობით და ათასობით ყოველწლიურ ანგარიშს“.
მსოფლიო COVID-19-ის ეპოქაში ცხოვრების ჩვეული წესისთვის, მმართველობისა და ბიზნესისთვის სტრესის ტესტად გადაიქცა. პანდემიამ ინსტიტუტები და ლიდერები აიძულა გადახედონ და შეცვალონ წარმატების მათეული ხედვები. გარკვეული ბიზნეს მოდელები საერთოდ აღარ მუშაობს, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიზნესის ახლებურად წარმოებისათვის გაჩნდა შესაძლებლობებიც.
პოსტ-კოვიდ სამყაროში მდგრადობის ანგარიშგებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება კომპანიების მიერ მათი დაინტერესებული მხარეების ნდობის შესანარჩუნებლად, ვინაიდან ის უზრუნველყოფს დამატებით კორპორაციულ გამჭვირვალობას მდგრადობის საკითხებზე. ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს სჭირდებათ რეგულარულად განახლებული ინფორმაციის მიწოდება, რომლის როლიც შესაძლოა შეასრულოს არაფინანსურმა ანგარიშგებამ (მდგრადობის ანგარიშგება), რომელიც მოიცავს გრძელვადიან სტრატეგიულ საკითხებს. მდგრადობის ანგარიშგება საჭირო მედიუმი და შესაძლებლობაა კომპანიის გეგმებისა და სტრატეგიის წარმოსაჩენად. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს კომპანიებისთვის უმთავრესია COVID-19-ით გამოწვეული ზიანის გამოსწორება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ მოახდინონ ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) სტანდარტების დანერგვა და წარმოჩენა. ამ შემთხვევაში მოლოდინია, რომ სოციალურ საკითხებს დაეთმობოდა კიდევ უფრო დიდი ყურადღება, ვინაიდან პანდემიამ ყველაზე მეტად ეს სფერო დააზარალა.
ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა დროული და სარწმუნო კომუნიკაცია. გარემოსდაცვით, სოციალურ, ეკონომიკურ და მმართველობით საკითხებზე საქმიანობის შედეგის წარმოსაჩენად (პოზიტიური და ნეგატიური ინფორმაცია). კომპანიის ხელთ არსებულ მთავარ ინსტრუმენტს კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგება წარმოადგენს. მისი დახმარებითა და საკუთარი საქმიანობის შედეგად მდგრადობის მიმართულებით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით კომპანიები კიდევ უფრო სრულყოფილად ახერხებენ მათ დაინტერესებულ მხარეებთან (ინვესტორები, თანამშრომლები, რეგულატორები, მომხმარებლები, მიმწოდებლები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა) კომუნიკაციას. შედეგად ისინი ხდებიან კიდევ უფრო გამჭვირვალეები იმ რისკებისა და შესაძლებლობების მიმართ, რომელიც რელევანტურია მათი საქმიანობისათვის. გაზრდილი გამჭვირვალობა კი გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტიანობას უზრუნველყოფს, რაც ეხმარებათ მთავრობებთან და პარტნიორებთან ნდობის მოპოვებაში.
ამ შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ ზუსტად იცოდნენ, როგორ რეაგირებს კომპანია ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. პირველ რიგში დაინტერესებული მხარეებისათვის ინფორმაციის რეგულარულ მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ განისაზღვროს კომპანიის ქმედება და სტრატეგია კრიზისის დროს. კომპანიები ვალდებულნი არიან ახსნან პანდემიის დროს მიღებული საკუთარი გადაწყვეტილებები და გააკეთონ შორსმჭვრეტელი განცხადებები იმის შესახებ, როგორ წარმოუდგენიათ უკეთესი მომავლის მშენებლობა. სწორედ ამიტომ მდგრადობის ანგარიშგება გახდება ინფორმაციის მთავარი წყარო ანგარიშვალდებულებისა და პანდემიის დრო კომპანიების ქმედების განსასაზღვრად.
კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგება მხოლოდ 100 გვერდიანი დოკუმენტი არაა. მისი მიზანია იყოს საჭირო, ხელშესახები და რელევანტური, რომელიც გვეხმარება გავიგოთ რა არის კომპანიის სტრატეგია. ანგარიშგება ასახავს მიზნებს, განსაზღვრავს მოქმედების ინდიკატორებს და ხელმძღვანელობას უწევს ბიზნესის ცვლილებას მდგრადი მოდელის მიმართულებით.
გაეროს მდგრადი განვითარების მე-12 მიზანი, რომელიც შეეხება მდგრად მოხმარებასა და წარმოებას მოიცავს სპეციფიკურ ამოცანას 12.6 - „წავახალისოთ კომპანიები, განსაკუთრებით დიდი და ტრანსნაციონალური კომპანიები, რომ დაამკვიდრონ მდგრადი პრაქტიკა და მდგრადი ინფორმაციის ინტეგრირება ანგარიშგებაში“. ასევე, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ, ვკითხულობთ: „პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დაცვისათვის მოითხოვს, რომ ბიზნესს ჰქონდეს წესები, რომლის მიხედვითაც ეცოდინება და აჩვენებს, რომ ისინი იცავენ ადამიანის უფლებებს სინამდვილეში. ჩვენება მოიცავს კომუნიკაციას, გამჭვირვალობის გაზომვას და პასუხისმგებლობას იმ ინდივიდებისა და ჯგუფების მიმართ, რომლებზეც შეიძლება ზეგავლენა ჰქონდეთ სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ინვესტორებს. კომუნიკაციას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა, მათ შორის პირისპირ შეხვედრა, ონლაინ დიალოგი, კონსულტაცია დაინტერესებულ პირებთან და ფორმალური საჯარო ანგარიშები. ანგარიში უნდა მოიცავდეს ხედვას, როგორ აპირებს ბიზნესი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრას“. გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები წარმოაჩენს იმ სფეროებს, სადაც საჭიროა პროგრესი, იმისათვის რომ ცხადი გახდეს რისი გამოსწორებაა საჭირო კომპანიის მხრიდან.
2020 წლის მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყოველწლიურად მეტი და მეტი კომპანია ახდენს მდგრადობის საკითხებისა და აქტივობებისადმი საკუთარი წვლილის შესახებ ანგარიშგებას. „2017 წლიდან, მსოფლიო მასშტაბით მდგრადობის ანგარიშგების ხარისხი საკმაოდ გაიზარდა. ESG საკითხებზე ანგარიშგების რაოდენობა, რომელიც აკმაყოფილებს მდგრადი განვითარების მე-12 მიზანში გაწერილ ინდიკატორებს, თითქმის გაორმაგდა”, - აღნიშნულია ანგარიშში.
მსოფლიო მასშტაბით კომპანიები მდგრადობის ანგარიშგებას სხვადასხვა სტანდარტის მიხედვით ახდენენ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) მდგრადობის ანგარიშგების ჩარჩო და გაეროს გლობალური შეთანხმების კომუნიკაცია პროგრესის შესახებ.
კომპანიები, რომლებსაც ESG საკითხების მიმართ ეფექტური მიდგომები აქვთ, გამორჩეულები არიან. მდგრადობას შეუძლია მოიზიდოს ინვესტიციები და კაპიტალი. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ადამიანების ცხოვრების რეალური გაუმჯობესება. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მდგრადობა იქნება ბიზნესის კეთების მთავარი მამოძრავებელი ძალა“, - აცხადებს „Shell“-ის აღმასრულებელი დირექტორი ბენ ვან ბეურენი 2019 წლის მდგრადობის ანგარიშში. კომპანია „Apple“-ის ანგარიშში კი დეტალურადაა აღწერილი კომპანიის მდგრადობის საკითხებისადმი მიდგომა და მიღწეული პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მიმართულებით: „ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მსოფლიოში საუკეთესო პროდუქციის შექმნა, არამედ ისეთი პროდუქციის შექმნა, რომელიც საუკეთესო იქნება მსოფლიოსთვის“.
ყოველწლიურად მეტი და მეტი კომპანია წერს კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგებებს. დღესდღეობით კომპანიებს აქვთ ეთიკური ვალდებულება, რომ მოამზადონ მდგრადობის ანგარიშგება, ინვესტორებს კი აქვთ ვალდებულება რომ მოითხოვონ მისი მომზადება. ვინაიდან ჩვენი ყველას მიზანია პლანეტისა და ადამიანებისთვის, მისი წარმატებისა და მშვიდობისთვის საუკეთესო გამოსავლების მოძიება, ჩვენ ვალდებულნი ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე. ჩვენ ვალდებულნი ვართ წარმოვადგინოთ ინფორმაცია მდგრადობის საკითხებზე და ვეცადოთ 2030 წლისთვის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ამის გაკეთება კი შეუძლებელია პასუხისმგებლიანი კომპანიების გარეშე. მდგრადობის ანგარიშგების როლი კი გვარწმუნებს, რომ კომპანიები ამ პროცესის ნაწილნი არიან.
დღეს მსოფლიოში უკვე ყველამ იცის, თუ როგორ შეიძლება ერთ დღეში შეიცვალოს ყველაფერი. სწორედ ამიტომ კომპანიებს უნდა ესმოდეთ, რომ მდგრად რეპუტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათი ბრენდის ცნობადობის, დაინტერესებული მხარეების კმაყოფილებისა და მომხმარებლების ლოიალობისთვის - სწორედ ესაა ის ფაქტორები, რომლებიც უზრუნველყოფს შემოსავლის ზრდას და წარმატებას.
სტატია მომზადებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“.