
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავთან დაკავშირებით კომპანიებისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრა „საქმიანი და კონსტრუქციული იყო“.
„აღმასრულებელი ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ არის საკმაოდ პრაგმატული და სწორი, ბიზნესთან არჩევს დიალოგის ენას“,- განაცხადა მთვრალაშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.
კონკურენციის სააგენტოს ანგარიშზე კომენტირებისას მთვრალაშვილი აცხადებს, რომ რუსეთიდან შემოტანილი იაფი საწვავი კომპანიამ ლოიალურ მომხმარებლებს, რომელთა წილიც 50-60%-ია, 20-25 თეთრიანი ფასდაკლებით შესთავაზა.
„რუსული პროდუქტით ბაზარი გადაჯერებული არ იყო. მონაცემები მიუთითებს, რომ მოხმარებული პროდუქტის 50%-ზე მეტი არ ყოფილა რუსული, საუბარია რეგულარის ტიპის საწვავზე. მთლიანობაში, ვითარება შეიძლება შემდეგნაირად შევაფასოთ, ამ პერიოდში ლარის გამყარების, ნავთობის საერთაშორისო ფასის ცვალებადობის გამო, დიდი ქსელური კომპანიების მიერ მოხდა ფასის 5-10 თეთრით შემცირება, თუმცა იმ კომპანიების მიერ რომლის წყაროებიც შედარებით იაფი იყო, უფრო მეტად დაფიქსირდა ფასების ცვლილება. ამასთან, დიდი კომპანიების ლოიალური მომხმარებლები ამ პერიოდში დამატებითი 20-25 თეთრიანი ფასდაკლებით სარგებლობდნენ“,- აცხადებს მთვრალაშვილი.
რაც შეეხება საწვავის ფასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, მთვრალაშვილის თქმით, ბენზინის საერთაშორისო ფასები მაღალია და ამასთან, რუსეთიდან იაფი იმპორტი შეწყდება, ამიტომ საქართველოში საწვავის გაიაფების გაგრძელების წინაპირობა არაა.
„ბენზინის ფასი ტონაზე $1300-იან ნიშნულს უახლოვდება, ეს ისტორიულად ერთ-ერთი მაღალი ფასია. შესაბამისად, დამატებითი მოლოდინი, რომ ფასები შემცირდება გაგრძელდება, მნიშვნელოვან შემცირებაზე ვსაუბრობ, ამ საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია. რაც ჩვენთან ხდება, სარკისებური ასახვაა იმის, რაც ხდება მსოფლიოში. ლარი მყარდება, რაც მეტნაკლებად აბალანსებს ვითარებას. თუმცა, შემდგომი პარტიები, ქვეყანაში მაღალი ფასით შემოვა, ასევე როგორც მე ინფორმირებული ვარ, რუსული საწვავი ფასდაკლებით აღარ წამოვა ჩვენთან“,- ამბობს მთვრალაშვილი.
ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, რუსეთიდან იმპორტირებული რეგულარის მარკის საწვავი, აპრილში, ბენზინგასამართ სადგურებზე 65 თეთრიანი ფასნამატით იყიდებოდა. საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსხვილ კომპანიებს ლოიალური მომხმარებლებისთვის შეთავაზებული 20-25 თეთრამდე ფასდაკლების ტაბლოზე ასახვა შეეძლოთ.
სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგი პრემიერის დავალებით დაიწყო. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ეკონომიკური გუნდის მინისტრები საწვავის ფასებთან დაკავშირებით კომპანიებს შეხვდნენ.