LIVE

ივანიშვილი Credit Suisse-ს ამჯერად შვეიცარიული სასამართლო სისტემის გამოყენებაში ადანაშაულებს

18 მაი 202216:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 952
ივანიშვილი Credit Suisse-ს ამჯერად შვეიცარიული სასამართლო სისტემის გამოყენებაში ადანაშაულებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელით CS Victims მორიგ განცხადებას ავრცელებს და Credit Suisse-ს პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, შვეიცარიული სასამართლო სისტემის გამოყენებაში ადანაშაულებს. 

CS Victims აცხადებს, რომ ბანკი იყენებს შვეიცარიის სასამართლო სისტემას, რათა თავიდან აიცილოს ივანიშვილისთვის თანხის დაბრუნების პასუხისმგებლობა. 

"სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შვეიცარიის პროკურორმაც კი დაადასტურა სასამართლოს გადაწყვეტილება და საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ Credit Suisse ვალდებულია დაუბრუნოს დაზარალებულ კლიენტს თაღლითობით მიღებული თანხა, თუმცა ბანკმა გამოიყენა სასამართლო, რათა თავიდან აიცილოს მისი სრული გადახდა", - ნათქვამია ივანიშვილის პრესსპიკერის განცხადებაში. 

Credit Suisse, როგორც ჩანს, დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და აიღო ივანიშვილისთვის თანხის დაბრუნების ვალდებულება, მაგრამ დაამატა შემდეგი პირობა: "როდესაც ბანკი დაიბრუნებს ამ ფულს მესამე პირებისგან".

განცხადების მიხედვით, ამ პირობის დამატებამ მთელი საბანკო პრაქტიკა და წესები თავდაყირა დააყენა. 

"ნებისმიერი სასამართლო, თუნდაც განვითარებადი სახელმწიფოს სასამართლო, მკაფიოდ აცხადებს, რომ ბანკის უმთავრესი ვალდებულების შესრულება (უშუალოდ ბანკიდან მოპარული თანხის დაზარალებული კლიენტისთვის დაბრუნება) არ იქნება დამოკიდებული რაიმე პირობაზე", - აღნიშნულია განცხადებასთან თანდართულ ტექსტში. 

ამავე ტექსტის მიხედვით, უფრო ფართო განმარტებით, სასამართლომ ნება დართო Credit Suisse-ს, არ დაუბრუნოს კლიენტს მოპარული ფული, თუ მესამე პირისგან მისი ამოღება ვერ მოხერხდა. 

შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა არა ბანკის, არამედ, ფაქტობრივად, მესამე პირების პასუხისმგებლობა და ბანკი აქცია სახსრების "გამტარად". ამრიგად, წამყვან შვეიცარიულ ბანკში დეპონირებული და ანგარიშებიდან არალეგალური ქმედებების შედეგად ამოღებული თანხების დაბრუნება, პირდაპირ და ცალსახად არ განისაზღვრა, როგორც Credit Suisse-ის პასუხისმგებლობა", - ნათქვამია ტექსტში.  

CS Victim-ის განცხადებით, Credit Suisse-მა გამოიყენა აღნიშნული და კლიენტს 2019 წლის აპრილში გადაუხადა მხოლოდ ის თანხა, რომელიც წარმატებით მიიღო მესამე პირისაგან.  

$130 მილიონიდან $80 მილიონი ამოღებულია Credit Suisse-ის სხვა დაზარალებული კლიენტების ანგარიშებიდან, რომლებიც ასევე იყვნენ მსჯავრდადებული ურთიერთობების მენეჯერის მსხვერპლები. ამ მსხვერპლებმა შესაძლოა ივანიშვილთან ერთად ასევე ისაუბრონ თავიანთ საქმეებზე, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის პრეტენზიები განსხვავდება დაზარალებული კლიენტებისგან. 

რაც შეეხება დარჩენილ $50 მილიონს, რომელიც 36 თვის განმავლობაში გადასახდელი რჩება, ბანკი აცხადებს, რომ ის დაუბრუნებს თანხებს კლიენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოახერხებს მესამე მხარისგან, მათ შორის გარდაცვლილი ურთიერთობის მენეჯერისგან, მის ამოღებას. 

"სასამართლომ Credit Suisse უნდა აიძულოს, დაფაროს მოპარული თანხები, მიუხედავად მესამე პირებისგან თანხის ამოღებისა. კანონის ან ფინანსების საბაზისო ცოდნის მქონე პირისთვისაც კი გასაგებია, რომ Credit Suisse პასუხისმგებელია დავალიანების დაბრუნებაზე. გადახდა არ უნდა იყოს დამოკიდებული მის დამნაშავე თანამშრომლებზე ან მათ უფროსებზე ან მითურ მესამე პირებზე და ბანკმა უნდა აიღოს თავისი ვალდებულებები, როგორც ფინანსურმა ინსტიტუტმა და კლიენტის ფინანსური უსაფრთხოების გარანტმა", - აცხადებს ივანიშვილის პრესსპიკერი. 

"ბიზნეს ფორმულა" ინფორმაციის დასაზუსტებლად Credit Suisse-ს დაუკავშირდა, თუმცა ბანკმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავა აქვს. 2022 წლის 29 მარტს, ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სარჩელი. ბანკმა მილიარდერთან $600-მილიონიანი დავა წააგო. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამჯერად შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულს, Green Vals Trust-ს უჩივის და ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

PR კომპანია, რომელიც ივანიშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ტრასტმა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებები დაარღვია და კლიენტის კანონიერი ინტერესები არ დაიცვა. ამასთან, კომპანია ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილს არ აქვს კავშირი რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან და ის დასავლეთის მიერ სანქცირებული არ არის.

შვეიცარიულმა ბანკმა "ბიზნეს ფორმულასთვის" გამოგზავნილ წერილში CS Victims-ის ბრალდებები უარყო. "Credit Suisse ემსახურება თავის კლიენტებს ყველა მოქმედ კანონისა და რეგულაციასთან დაცვით, შესაბამისი ორგანოების ნებისმიერი სანქციების ჩათვლით", - ნათქვამია CS-ის შეტყობინებაში. 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გასულ კვირას ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილს ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის გადაადგილების პრობლემა შეექმნა, რაც საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას საეჭვოდ დაემთხვა.