LIVE

Twitter-ი აცხადებს, რომ მასკთან $44 მილიარდიანი გარიგების აღსრულებას გეგმავს

18 მაი 202213:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 540
Twitter-ი აცხადებს, რომ მასკთან $44 მილიარდიანი გარიგების აღსრულებას გეგმავს

Twitter-ის ბორდმა განაცხადა, რომ ილონ მასკთან $44 მილიარდიანი შეთანხმების აღსრულებას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, ტრანზაქცია ყველა მხარის ინტერესებშია.

შეთავაზებული გარიგება მოიცავს $1 მილიარდიან საფასურს თითოეული მხარისთვის, რომელიც გარიგების დასრულებას გადაწყვეტს. მასკს ამ თანხის გადახდა მოუწევს თუ ის გადაბარების გარიგებას არ შეასრულებს ან ვერ უზრუნველყოფს შესყიდვის დაფინანსებას. თუმცა, Tesla-ს დირექტორი შესაძლოა ამ მოთხოვნისგან გათავისუფლდეს, თუ ის დაასაბუთებს არსებით ცვლილებას კომპანიის მდგომარეობაში ან ინფორმაციაში, რომელიც კომპანიამ მას მიაწოდა.

საბჭოს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც მასკმა შეთავაზების გაუქმების შესაძლებლობის შესახებ გააკეთა განცხადება.

Tesla-ს დირექტორმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სოციალური მედიის გიგანტთან გარიგება დროებით შეჩერებულია მანამ, სანამ ის მეტ ინფორმაციას არ მიიღებს და კომპანია არ დაამტკიცებს, რომ ე.წ ბოტები მისი მომხმარებლების 5%-ზე ნაკლებს შეადგენენ.

ორშაბათს მასკმა ასევე გამოიწვია სპეკულაციები, რომ ის შესაძლოა მოლაპარაკების პირობების შეცვლას ცდილობდეს. მან მაიამის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ კომპანიის გადაბარების შესახებ უფრო დაბალ ფასიანი შეთანხმება გამორიცხული არ არის.

Twitter-ის განცხადებით, კომპანია გაყიდვის დასასრულებლად მზად არის. აქციები, რომლებიც ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო დღის განმავლობაში ეცემა, სამშაბათს 2.5%-ით მაღლა $38.32-ზე დაიხურა, რაც მასკის მიერ შეთავაზებულ ფასზე ჯერ კიდევ ბევრად ნაკლებია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ დევისი