LIVE

მასკი Twitter-ის $44 მილიარდიანი გარიგების გაგრძელების წინაპირობას ასახელებს

17 მაი 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 862
მასკი Twitter-ის $44 მილიარდიანი გარიგების გაგრძელების წინაპირობას ასახელებს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Twitter-ის $44 მილიარდიან გარიგებას არ გააგრძელებს, თუ სოციალური მედიის გიგანტი ვერ დაამტკიცებს, რომ ბოტები მისი მომხმარებლების 5%-ზე ნაკლებს შეადგენენ. მილიარდერის აზრით, თანაფარდობა გაცილებით მაღალია.

მასკის უახლესი ონლაინ განცხადება ისედაც ქაოსურ გადაბარებას და ინტერნეტის ისტორიაში პოტენციურად ერთ-ერთ უმსხვილეს შენაძენს კიდევ უფრო ართულებს. მასკი ცოტა ხნის წინ ბოტების შესახებ Twitter-ის ხელმძღვანელ პარაგ აგრავალსაც დაუპირისპირდა, რამაც გამოიწვია ვარაუდები, რომ შესაძლოა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ფასის დაწევას შეეცადოს ან თუნდაც გარიგებაზე უარი თქვას.

Twitter-ის აქციები ნიუ-იორკში წინასაბაზრო ვაჭრობაში კიდევ 3,2%-ით დაეცა, წინა დღეს ფასის 8%-ზე მეტით დაკლების შემდეგ.

მასკმა მაიამიში გამართულ ტექნიკურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ყალბი მომხმარებლები Twitter-ის ანგარიშების მინიმუმ 20%-ს შეადგენენ ან შესაძლოა 90%-საც კი. Twitter-ი კვარტალურ შედეგებში რეგულარულად აცხადებს, რომ ყალბი ანგარიშები ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების 5%-ზე ნაკლებს წარმოადგენენ, თუმცა ჭეშმარიტი რიცხვი შეიძლება უფრო მაღალი იყოს.

განვითარება კიდევ ერთი ცვლილებაა მასკის მიერ Twitter-ის გადაბარების მცდელობაში. მან კომპანიაში 9%-იანი წილის ფლობის შესახებ გასულ თვეში გაამჟღავნა, რასაც დაფინანსების დეტალური გეგმების გარეშე სოციალური ქსელის შესყიდვის შეთავაზება მოჰყვა.

გასულ კვირას Tesla-ს დირექტორმა დაწერა, რომ სანამ ის ყალბი ანგარიშების პროპორციის შესახებ მეტ ინფორმაციას არ მიიღებს, Twitter-ის შესყიდვის შეთავაზება „დროებით შეჩერებულია“.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ედვინ ჩანი