LIVE

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს ისევ ადანაშაულებს

17 მაი 202218:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 806
ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს ისევ ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ Credit Suisse მასზე პოლიტიკურ ზეწოლას განაგრძობს.  

prnewswire.com-ზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნული რწმუნებული ივანიშვილის მითითებებს კვლავ არ ასრულებს. 

"ის ფაქტი, რომ Credit Suisse-ის შვილობილმა კომპანიამ ვერ შეასრულა 11 აპრილის ინსტრუქციები, მიუთითებს ბანკის ქცევის მუდმივ მოდელზე, რომელიც არ ემსახურება ბენეფიციარების ინტერესებს და არღვევს შესაბამის სტანდარტებს. მეტიც, ეს გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ Credit Suisse ცდილობს გამოიყენოს პოლიტიკური ზეწოლა, როგორც ბატონი ივანიშვილისთვის რეპუტაციის შელახვის საშუალება. სამწუხაროდ, ეს საქციელი აღარ გვაკვირვებს, თუ გავითვალისწინებთ Credit Suisse-ის ურთიერთობების ისტორიას და შედეგად მიღებულ სასამართლო პროცესებს, რომლებსაც კლიენტი სხვადასხვა იურისდიქციაში აწარმოებს. თუმცაღა, უცნაურად მივიჩნევთ, რომ Credit Suisse აგრძელებს თავის მოვალეობების შეუსრულებლობას და კლიენტების მიმართ უპატივცემულობას მაშინ, როდესაც ბანკი ამდენი პრობლემის წინაშე დგას. კიდევ ერთხელ, ეს შეფერხება, რომელიც ყოველგვარ საფუძველსა და დამაჯერებელ მიზეზებს არის მოკლებული, არ არის გამონაკლისი Credit Suisse ქმედებისთვის და კლიენტის უფლებების დარღვევა არ არის ბანკის ერთადერთი ჩავარდნა", - ნათქვამია CS Victims-ის განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შვეიცარიის სასამართლოებში Credit Suisse-ის მიერ კლიენტის უფლებების დარღვევის პროცესების განხილვა გრძელდება. სასამართლოების ასეთი ჩართულობის გამო, ბანკის ვალდებულება კლიენტისთვის ვალის დაფარვის შესახებ შეუსრულებელი დარჩა არა 36 დღის, არამედ 36 თვის განმავლობაში.

განცხადების მიხედვით, ხვალ გამოქვეყნდება მორიგი რელიზი, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ როგორ იყენებს Credit Suisse-ი სასამართლო სისტემას დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და საბანკო სტანდარტების დარღვევისთვის.

ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავა აქვს. 2022 წლის 29 მარტს, ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სარჩელი. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამჯერად შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულს, Green Vals Trust-ს უჩივის და ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

PR კომპანია, რომელიც ივანიშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ტრასტმა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებები დაარღვია და კლიენტის კანონიერი ინტერესები არ დაიცვა. ამასთან, კომპანია ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილს არ აქვს კავშირი რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან და ის დასავლეთის მიერ სანქცირებული არ არის.

შვეიცარიულმა ბანკმა "ბიზნეს ფორმულასთვის" გამოგზავნილ წერილში CS Victims-ის ბრალდებები უარყო. "Credit Suisse ემსახურება თავის კლიენტებს ყველა მოქმედ კანონისა და რეგულაციასთან დაცვით, შესაბამისი ორგანოების ნებისმიერი სანქციების ჩათვლით", - ნათქვამია CS-ის შეტყობინებაში. 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გასულ კვირას ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილს ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის გადაადგილების პრობლემა შეექმნა, რაც საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას საეჭვოდ დაემთხვა.