
ბავშვებში ამოუხსნელი ჰეპატიტის საფუძველი შეიძლება SARS-CoV-2 იყოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters უახლეს კვლევაზე დაყრდნობით წერს.
კვლევას სამეცნიერო შეფასება ჯერ არ გაუვლია და საჭიროებს შემდგომ შესწავლას.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვებში მძიმე ჰეპატიტის ასობით შემთხვევა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კორონავირუსის შემორჩენილ ნაწილაკებთან.
medRxiv-ზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, COVID-19-ით დაავადებულ ბავშვებს შემდგომში ღვიძლის დისფუნქციის მნიშვნელოვნად გაზრდილი რისკი აქვთ. თუმცა მწვავე ჰეპატიტის მქონე ბავშვების უმეტესობას (რაც, როგორც წესი, ამ ასაკობრივ ჯგუფში იშვიათია) SARS-CoV-2 ინფექციის გადატანა არ უფიქსირდება.
სანაცვლოდ, დადგინდა, რომ ჰეპატიტით დაავადებული ბავშვების უმრავლესობას აღმოაჩნდა 41F ადენოვირუსი, რომელიც, როგორც ცნობილია, იწვევს გასტროენტეროლოგიურ და სასუნთქი გზების პრობლემებს და ღვიძლზე გავლენას არ ახდენს. მკვლევართა კიდევ ერთი ჯგუფი ვარაუდობს, რომ შესაძლებელია, რომ ჰეპატიტით დაავადებულ ბავშვებს ჰქონოდათ მსუბუქი ან ასიმპტომური COVID ინფექცია, რომელიც შეუმჩნეველი დარჩა.
გასულ თვეს დიდმა ბრიტანეთმა WHO-ს პირველმა აცნობა ბავშვებში დაფიქსირებული ამოუცნობი ჰეპატიტის შესახებ. ამ დროისთვის ის 15-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.