LIVE

Google ჩვენს მონაცემებს იმაზე აქტიურად იყენებს, ვიდრე წარმოგვიდგენია - მოსაზრება

21 მაი 202217:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 992
Google ჩვენს მონაცემებს იმაზე აქტიურად იყენებს, ვიდრე წარმოგვიდგენია - მოსაზრება
Leon Neal/Getty Images Europe

გასულ კვირას Google-ის პროგრამული უზრუნველყოფისა და მოწყობილობების ყოველწლიურ გამოფენაზე Pixel-ის ტელეფონებთან, საათებთან და ყურსასმენებთან ერთად გამოვიდა ლამაზი სათვალე, რომელსაც თარგმნა შეუძლია. მოწყობილობის მორგების შემდეგ, რეალურ დროში უცხოენოვანი მოსაუბრის თარგმანი ლინზებზე სუბტიტრების სახით აირეკლება.

სათვალე ჯერჯერობით არ იყიდება. თუმცა გაყიდვის შემთხვევაშიც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოწყობილობამ კომპანიას იმხელა შემოსავალი მოუტანოს, რამდენიც რეკლამას მოაქვს. 2022 წლის პირველ კვარტალში, კომპანიამ $68 მილიარდიანი მთლიანი შემოსავლიდან დაახლოებით $54 მილიარდი რეკლამიდან მიიღო.

ყოველ ჯერზე, როცა თქვენს მობილურ ტელეფონში აპლიკაციას ხსნით ან ბრაუზერის მეშვეობით ინტერნეტში ინფორმაციას ეძებთ, თქვენი ძიების შედეგს პერსონალური მონაცემები განსაზღვრავს. 

მონაცემების კომპანიებისთვის გაზიარების ბაზრის მოცულობა ყოველთვის რთული იყო. ირლანდიის სამოქალაქო თავისუფლებების საბჭოს უახლესმა ანგარიშმა მისი საზღვრები განსაზღვრა. 

საბჭოს მიერ Bloomberg-ისთვის გაზიარებული ანგარიშის მიხედვით, სარეკლამო პლატფორმები ყოველწლიურად დაახლოებით 178 ტრილიონჯერ გადასცემენ ამერიკელებისა და ევროპელების მდებარეობის მონაცემებს და ძიების შედეგებს. ამავე ანგარიშით, Google ყოველდღიურად ასეთ მონაცემებს ევროპასა და ამერიკაში 70 მილიარდზე უფრო ხშირად აზიარებს. 

ადამიანებისთვის ასეთი რიცხვების გაანალიზება რთულია. თუ პერსონალური მონაცემების გამონაბოლქვს წარმოვიდგენთ როგორც დაბინძურებას, ჩვენ გარშემორტყმული ვიქნებოდით თითქმის შეუღწევადი ნისლით, რომელიც სმარტფონების აქტიურ გამოყენებასთან ერთად უფრო და უფრო სქელდება.

რიცხვები არ მოიცავს Meta Platform-ის Facebook-ის ან Amazon.com-ის სარეკლამო ქსელების მიერ გაცემულ პერსონალურ მონაცემებს, რაც ნიშნავს, რომ ყველა სამაუწყებლო მონაცემის რეალური ზომა ალბათ გაცილებით დიდია.

რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი? აპლიკაციები ძირითადად უფასო და სასარგებლოა და მიუხედავად ყველაფრისა, მონაცემების მოპოვებას ობიექტურად უარყოფითი შედეგები არ მოჰყვება.

თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. Wall Street Journal-ის თანახმად, მინიმუმ ერთმა დიდმა სარეკლამო ქსელმა აღიარა, რომ მომხმარებლის მონაცემები შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს და სხვა სამთავრობო უწყებებს გადასცა.

აშშ-ში აბორტის უფლების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე, ჩნდება კითხვა, რა მოხდება, თუ სახელმწიფო პროკურორები დაიწყებენ აქციების მონაწილეების ან იმ ქალების სატელეფონო მონაცემების გამოყენებას, რომლებიც აბორტის აბებს ინტერნეტით უკვეთენ?

Google-ის და Facebook-ის მეშვეობით სენსიტიური მონაცემების მოპოვება შესაძლებელია. ყოველ ჯერზე, როცა სმარტფონის მომხმარებელი ხსნის აპლიკაციას ან ვებსაიტს, სადაც ჩანს რეკლამები, სმარტფონი აზიარებს მონაცემებს ამ მომხმარებლის შესახებ, რათა მან მიზნობრივი რეკლამა ნახოს. იმარჯვებს რეკლამის ის განმთავსებელი, რომელიც მზადაა, რომ ამ სარეკლამო სივრცისთვის მეტი გადაიხადოს. 

Google ამბობს, რომ ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებს მთელ მსოფლიოში 4700-მდე კომპანიას გადასცემს.

თითოეული "მაუწყებლობა" (როგორც მათ ინდუსტრიაში უწოდებენ) ჩვეულებრივ აზიარებს მონაცემებს პიროვნების ადგილსამყოფლის შესახებ, ასევე პერსონალურ მახასიათებლებსა და ინფორმაციას, თუ რა სახის ინფორმაციას ეძებს ის. ეს სარეკლამო ფირმებს მომხმარებლის პროფილების შექმნაში ეხმარება. 

რეკლამის ინდუსტრიას ასევე აქვს გრძელი ტაქსონომია, რომელსაც ქსელები ადამიანების კატეგორიზაციისთვის იყენებენ. მათ შორისაა სენსიტიური კატეგორიები, მაგალითად, "შფოთვითი აშლილობა" და "სამართლებრივი საკითხები", ან თუნდაც "ინცესტი" და "ჩაგვრის მხარდაჭერა", - ნათქვამია რეკლამის ქსელის კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო დოკუმენტში.

რთული და ბუნდოვანი მრავალმილიარდდოლარიანი ონლაინ სარეკლამო ბიზნესის ბუნება ართულებს ზუსტად იმის გაგებას, თუ რა მონაცემებს აზიარებს Google ჩვენ შესახებ. 

სპეციალისტების თქმით, Google ადამიანების შესახებ უფრო ნაკლებ პერსონალურ მონაცემებს ავრცელებს, ვიდრე პატარა სარეკლამო კომპანიები, მაგრამ, ამავე დროს, Google-ს უკავია სამაუწყებლო მონაცემების ყველაზე დიდ წილი. ნებისმიერ შემთხვევაში, მონაცემთა შეგროვება მათი ბოროტად გამოყენების შანსებს ზრდის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პარმი ოლსონი