LIVE

WHO ჩინეთის კოვიდის მართვის სტრატეგიას აკრიტიკებს

11 მაი 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 916
WHO ჩინეთის კოვიდის მართვის სტრატეგიას აკრიტიკებს
Bloomberg

შანხაის ფუდანის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, ჩინეთი კორონავირუსული ინფექციების "ცუნამის" საფრთხის წინაშეა. თუ მთავრობა "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკაზე უარს იტყვის და შტამ "ომიკრონს" გავრცელების საშუალებას მისცემს, შესაძლოა, კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი 1,6 მილიონამდე გაიზარდოს.  

რეფერირებული კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ჩინეთში მარტში ჩატარებული ვაქცინაციით მიღწეული იმუნიტეტის დონე "ომიკრონის" ტალღის თავიდან ასაცილებლად "არასაკმარისი" იქნება. 

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის მასობრივი ტესტირებისა და მკაცრი ლოკდაუნების გარეშე, ვაქცინაციის დონისა და ომიკრონის გავრცელების უნარის გათვალისწინებით, მაისიდან ივლისამდე შესაძლოა, სიმპტომური ინფიცირების შემთხვევები 112.2 მილიონამდე გაიზარდოს და 5.1 მილიონს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს. 

პარალელურად იზრდება შეშფოთება "ნულოვანი კოვიდის" სოციალურ და ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით. "ლოკდაუნების" პირობებში ადამიანებს უარი ეთქვათ რიგ სამედიცინო სერვისებზე და შეიზღუდა საკვებზე წვდომა, საწარმოო ობიექტები, მიწოდების ჯაჭვები და ბიზნესის სხვა სფეროები კი დაზარალდა.

კვლევის გამოქვეყნებას წინ უძღოდა "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის მიერ ჩინეთის მთავრობის სტრატეგიის კრიტიკა. ის ქვეყნის მთავრობას ურჩევს, კოვიდის მართვის პოლიტიკა შეცვალოს. მისი განცხადებით, "ნულოვანი კოვიდის" სტრატეგიას აზრი აღარ აქვს, რადგან "ომიკრონის" ვრცელდება, ქვეყნის ეკონომიკა კი ზარალდება.

ჩინეთის მთავრობამ დღეს "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ხელმძღვანელის კრიტიკა დაგმო.

"ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი ინდივიდი ობიექტურ და გონივრულ შეხედულებებს გამოხატავს ჩინეთის ეპიდემიის პროტოკოლსა და პოლიტიკაზე, შეეცდება უკეთ გაიაზროს ფაქტები და თავი შეიკავებს უპასუხისმგებლო შენიშვნებისგან", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა პრესკონფერენციაზე. 

Global Times-ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ჰუ სიძინმა ასევე არ გაიზიარა ტედროსის მოსაზრება და თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს WHO.

"დასავლეთი ფიქრობს, რომ ეს დაავადება გაქრა, მაგრამ გაქრა ის? თუ სხვებმა არ იციან, უნდა იცოდეს თუ არა WHO უკეთესად?" - თქვა ჰუმ. 

გასულ კვირას თავად ჰუმ ეჭვი შეიტანა ჩინეთის სტრატეგიაში და სტატიაში, რომელიც თავდაპირველად WeChat-ის პირად ანგარიშზე გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ ჩინეთის დედაქალაქს "ომიკრონთან" ბრძოლა ემუქრება და "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკა ეფექტური აღარ არის. მოგვიანებით მან სტატია წაშალა. 

ტედროსის კომენტარი მიეკუთვნება იმ იშვიათ შემთხვევებს, როდესაც "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ხელმძღვანელი რომელიმე წევრი ქვეყნის კოვიდ-პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებს. პანდემიის დასაწყისში მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის ძალიან ლმობიერი იყო ჩინეთის მიმართ, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა. ტედროსის მიერ ჩინეთის შექების გამო, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა WHO გააკრიტიკა და დაემუქრა, რომ აშშ ორგანიზაციას დატოვებდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია