LIVE

EBRD-ის პროგნოზით, უკრაინის ეკონომიკა წელს 30%-ით შემცირდება

10 მაი 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 693
EBRD-ის პროგნოზით, უკრაინის ეკონომიკა წელს 30%-ით შემცირდება

EBRD-მა უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10 პროცენტული პუნქტით გააუარესა და წელს ომში მყოფი ქვეყნის ეკონომიკის 30%-ით კლებას ელის. პროგნოზი გათვლილია სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც ომი წელს დასრულდება.

მოლოდინები გაუარესებულია მას შემდეგ, რაც EBRD-მა მარტში 20%-იანი შემცირება ივარაუდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ქაოსი გამოიწვია ენერგიით ვაჭრობაში, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და სასუქების ბაზრებზე. ომმა ასევე შეაფერხა მიწოდების ჯაჭვები, რასაც აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური ზრდის შენელება მოჰყვა. გაზის ფასები ევროპაში ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, რამაც რეგიონში ინფლაციას ხელი შეუწყო და მწარმოებლები აშშ-ში დაფუძნებულ კომპანიებთან შედარებით, სადაც გაზი 4-ჯერ უფრო იაფია, არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა.

"გარდა ომის პირდაპირი ზიანისა, სოფლის მეურნეობის წარმოებას აფერხებს საწვავის ნაკლებობა, ასევე თესლზე, სასუქზე და აღჭურვილობაზე წვდომის შემცირება",- განაცხადა ბანკმა საკუთარ ანგარიშში.

უკრაინა, რომელზეც ხორბლის გლობალური ექსპორტის 10%, სიმინდის 14% და მზესუმზირას ზეთის 37% მოდის, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს სასოფლო-სამეურნეო მიწების 20%-30%-ის გამოყენებას.

პროგნოზი ითვალისწინებს წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რასაც 2023 წელს ქვეყანაში აღდგენის დაწყება მოჰყვება. ანგარიშის მიხედვით, მომდევნო წელს უკრაინის ეკონომიკის 25%-ით ზრდაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ ომმა ასევე გამოკვეთა სუსტი წერტილები მიწოდების გლობალურ ჯაჭვებში. მაგალითისთვის, ორი უკრაინული კომპანია გაწმენდილი ნეონის გლობალური მიწოდების დაახლოებით 35%-ს შეადგენს. გაწმენდილი ნეონი ძირითადი კომპონენტია ნახევარგამტარული ჩიპების წარმოებისთვის.

EBRD-ის მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა წელს 10%-ით შემცირდება, ხოლო 2023 წელს სტაგნაციას განიცდის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აარონ ეგლიტისი