LIVE

ბიზნესს ინფრასტრუქტურული პროექტების ინდექსაციის სქემასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

09 მაი 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1317

მთავრობამ ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის მოდელის ამოქმედებასთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. დადგენილების ფარგლებში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებს გაძვირებული მშენებლობის ხარჯები ნაწილობრივ უნდა დაუკომპენსირდეთ.

კერძოდ, ინდექსაცია 2022 წლის 1 აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებს შეეხება და 1 მაისამდე გამოცხადებულ ტენდერებზე გავრცელდება.

ამასთან, დადგენილების მიხედვით, ფასთა ინდექსაცია შეეხება ანაზღაურებული სამუშაოების ღირებულების 70%-ს, ჯამურად კი ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამ მოცულობის 10%-ს.

სწორედ აღნიშნულ ზღვრულ მოცულობასთან დაკავშირებით აქვს კერძო სექტორს შენიშვნები. როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში აცხადებენ, ამ ზღვრის დაწესებით შესაძლოა, საბოლოოდ ინდექსაციის მოდელი ეფექტური არ იყოს და ვერც დარგში არსებული რთული ვითარება გამოასწოროს.

„განკარგულება ისედაც ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს, კერძოდ, ინდექსაცია სამუშაოების მხოლოდ 70%-ს შეეხება. ამასთან, შესაბამისი ინდექსიის მეთოდოლოგია საქსტატმა უნდა შეიმუშაოს. შესაბამისად, გაუგებარია, რა საჭიროა ეს ე.წ 10%-იანი ჩამკეტი. მსგავსი ზღვრის დაწესება წარმოშობს რისკს, რომ კომპანიებმა შესაძლოა ვერ მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება, იმ შემთხვევაში თუ ხარჯების ზრდიდან და მასალების გაძვირებიდან გამომდინარე, პროექტის ღირებულების ზრდა 10%-ს გასცდება. მსგავსი პირობებით შედგენილი მოდელი დარგში არსებულ რთულ ვითარებას ნამდვილად ვერ მოაგვარებს“, - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა საბახტარაშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდექსაციის მოდელის ამოქმედების საკითხი კიდევ ერთხელ რეგიონში მიმდინარე ომის და მორიგ ჯერზე გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე გააქტიურდა. შესაბამისი ინდექსაციის მეთოდოლოგია საქსტატმა 1 ოქტომბრამდე უნდა შეიმუშაოს.