LIVE

მოსაზრება: რას გვასწავლის ბიტკოინი რისკიან ინვესტიციებზე

01 თებ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 607
მოსაზრება: რას გვასწავლის ბიტკოინი რისკიან ინვესტიციებზე
Dan Kitwood/Getty Images Europe

მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა ბიტკოინის, მისი, როგორც აქტივების კლასის პოზიცია ნაკლებად საეჭვოა.

გასულ თვეში ჟურნალ Investors’ Chronicle-მა მკითხველს რჩევაც კი მისცა, რომ საპენსიო დანაზოგების ნაწილი კრიპტოვალუტაში შეინახოს. Bloomberg Wealth- მა კი უკვე რამდენიმე სახელმძღვანელო გამოსცა, ბიტკოინში ინვესტიციის შესახებ.

თუ ბიტკოინი მართლაც მეინსტრიმი გახდა, რას ნიშნავს ეს თქვენი პირადი ფინანსებისა და ინვესტიციებისათვის?

ბიტკოინი არც არსებითად ღირებულია და არც სიმდიდრის საიმედო მარაგს წარმოადგენს. ის, რა თქმა უნდა, არც შემოსავალის წყარო შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა,  მაინც ფლობს ორ მახასიათებელს, რომელიც მას ყველაზე კონსერვატიული პორტფელისთვისაც კი კარგ ინვესტიციად აქცევს.

პირველი ასეთი მახასიათებელი მისი არასტაბილურობაა. ბევრი ბიტკოინის ცვალებადობას შიშით უყურებს.

2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის დეკემბრამდე ბიტკოინის ფასი თითქმის 85% -ით დაეცა. მაგრამ შემდეგ ამ უდაბლესი დონიდან ის ათჯერ გაიზარდა, რაც ცხადყოფს, რომ არასტაბილურობა მომგებიანიც შეიძლება იყოს. რაც მეტია ინვესტიციის არასტაბილურობა, მით უფრო დიდია დანაკარგები, მაგრამ მით უფრო დიდია პოტენციური მოგებაც.

ერთი წლის წინ ჩემი საპენსიო დანაზოგის ერთი პროცენტი  FTSE 100-ში რომ ჩამედო, დროს ტყუილად დავკარგავდი. ჩემი ინვესტიცია ძალიან მცირე იქნებოდა, იმისთვის რომ რამე რეალური მოგება მენახა, თუნდაც აქციები 20% ან 30%-ით გაზრდილიყო.

მაშინ, როცა იგივე მცირე ინვესტიციას ვაკეთებთ, ბიტკოინის არასტაბილურობა ხელშესახები მოგების უფრო მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს. გასული წლის განმავლობაში, მისი ფასი ოთხჯერ გაიზარდა. ჩემი პენსიის ერთი პროცენტი რომ მქონდეს ჩადებული ბიტკოინში, ეს ჩემს პორტფელში ბევრად მეტ წვლილს შეიტანდა. ბიტკოინის არასტაბილურობის წყალობით, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა რეალური მოგება მიიღოთ ძალიან დიდი დანაკარგის გარეშე.

ამავდროულად, მისი მეორე მახასიათებლი ისაა, რომ ბიტკოინი არ არის ნასესხები კაპიტალის ინვესტიცია. სავალუტო სავაჭრო პროგრამებისგან განსხვავებით, რომლებიც გამოუცდელ ინვესტორებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ დიდი ნასესხები კაპიტალი სავაჭრო ვალუტებზე, ბიტკოინის შემთხვევაში  ზარალი თქვენი თავდაპირველი შენატანით შემოიფარგლება. გამდიდრების სწრაფი სქემების უმეტესობა, მათ შორის განსხვავების კონტრაქტი, ანუ CFD, გარკვეულწილად მაინც სესხს ეყრდნობა.

სწორედ ნასესხები კაპიტალის არარსებობა იყო სხვაობა 2001 წელს dot-com ბუშტის აფეთქებასა  და 2008 წლის ფინანსური კრიზისს შორის, რამაც თითქმის მთელი საბანკო სექტორი გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ 2001 წელსაც გარკვეული ვალი იყო ჩართული, დანაკარგების უმეტესი ნაწილი რეალურ ფულზე მოვიდა. 2008 წლის კრიზისის დროს კი, ბევრ ბანკს და პროფესიონალ ინვესტორს არ შეეძლოთ ვითომდა უსაფრთხო AAA აქტივების რეფინანსირება, რამაც ისინი აიძულა, ზარალის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ეს აქტივები გაეყიდათ.

თუ ინვესტიცია ნასესხები კაპიტალით არ კეთდება, გადარჩენა, დანაკარგის შემთხვევაში, უფრო მარტივია. ხშირად, ადამიანები ნანობენ იმის გამო, რომ ტექ. გიგანტების აქციები თავის დროზე არ იყიდეს. თუმცა, არ ითვალისწინებენ, რომ Amazon– ის აქციის ფასი, რომელიც 133 დოლარიდან 3,300 დოლარამდე გაიზარდა, dot-com ბაბლის გახეთქვის დროს 95%-ით დაეცა. ერთადერთი გზა, ტექ. აქციებით სერიოზული მოგება რომ გენახა, კრიზისის პერიოდში მათი შენარჩუნება იყო. ეს შესაძლებელი არ იქნებოდა ნასესხები კაპიტალის შემთხვევაში.

რა თქმა უნდა, თავდაპირველი თანხის 95% –ის რუტინულად კარგვა მდგრადი ინვესტიციის სტრატეგია არ არის. არც ბიტკოინია ყველასთვის, 8 იანვრიდან 10,000 დოლარით შემცირება სწორედ ამას ცხადყოფს. ფინანსური მრჩევლების უმეტესობა ახლა მისით ნამდვილად არ არის  აღტაცებული.

მიუხედავად ამისა, იმით აპეილირება, რომ კრიპტოს დაზღვევა არ გააჩნია, უბრალოდ დისტრაქციაა. გადაზღვევა, რომელსაც მაგალითად ბრიტანეთის ფინანსური სერვისების საკომპენსაციო სქემა გვთავაზობს, მაშინაც არ იარსებებს თუ ინვესტიციებს FTSE 100-ის კომპანიებში ან GameStop- ის მსგავს აქციებში ჩადებთ.

ასე რომ, თუ  საინვესტიციოდ გადანახული თანხა გაქვთ, ბევრად უფრო უარესი ინვესტიციები არსებობს, ვიდრე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტიუარტ ტროუ