LIVE

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 652 124-მდე გაიზარდა

03 მაი 202219:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 2810
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 652 124-მდე გაიზარდა

2022 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 176 848 ოჯახში მცხოვრები 652 124 ადამიანი იღებს, ანუ მთლიანი მოსახლეობის 17.5%. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობა 19.5%-ითაა გაზრდილი.  

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა მათ შეფასებაზე გამოცხადებულ მორატორიუმს უკავშირდება

„ქვეყანაში Сovid-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე, 2020 წლიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებასა და ხელახალ შეფასებაზე მორატორიუმია გამოცხადებული. ამ ოჯახებს უნარჩუნდებათ სარეიტინგო ქულა და უწყვეტად უგრძელდებათ სოციალური დახმარება.

გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას, ეტაპობრივად, ახალი ბენეფიციარები ემატებიან. შესაბამისად, იზრდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რადგან, მორატორიუმის გამო სისტემიდან, უკვე არსებული ოჯახების გადინება შეჩერებულია“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

2021 წლის ივლისიდან გაორმაგდა 16 წლამდე, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და 100 ლარამდე გაიზარდა. 2022 წლის ივნისიდან ეს თანხა 150 ლარი, მომდევნო წლის იანვრიდან კი 200 ლარი გახდება. 

„100 000-დან 120 000-მდე გაიზარდა ამ დახმარების მისაღები სარეიტინგო ქულა, რამაც ასევე გაზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა“, - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებები მიმართულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პანდემიით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად.