
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) უახლესი მონაცემებით, ევროპელთა უმეტესობა ჭარბწონიანია. სიმსუქნის მზარდი მაჩვენებლები გამოწვევაა ევროპელებისთვის, რომლებიც ამერიკელებთან შედარებით, უფრო გამხდარ ხალხად მიიჩნევა.
WHO-ს თანახმად, 2016 წელს ევროპაში ზრდასრულთა 59%-ს სხეულის მასის მაღალი ინდექსი ჰქონდა, რის გამოც, ორგანიზაცია "სიმსუქნის ეპიდემიას" აცხადებს. ამავე ანგარიშით, ევროპის ყველაზე ჭარბწონიან ქვეყნებს შორისაა თურქეთი და გაერთიანებული სამეფო.
სიმსუქნე სიკვდილიანობისა და შეზღუდული შესაძლებლობის გამომწვევ მიზეზებს შორის ლიდერობს და ყოველწლიურად დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს, რაც ევროპაში სიკვდილიანობის 13%-ს შეადგენს.
ანგარიში აჩვენებს, რომ 2025 წლისთვის რეგიონის არც ერთი ქვეყანა არ აპირებს სიმსუქნის მაჩვენებლის შემცირებას. WHO-ს პროგნოზით, მომდევნო ათწლეულებში კიბოს გამომწვევ მიზეზებში სიმსუქნე გაუსწრებს მოწევას.
აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" 2017 და 2018 წლების მონაცემებით, ზრდასრულთა თითქმის 74%-ს აღენიშნება ჭარბი წონა ან სიმსუქნე.
WHO-ს განცხადებით, ევროპას სიმსუქნის უფრო მაღალი მაჩვენებელი, აქვს, ვიდრე ყველა სხვა რეგიონს, გარდა ამერიკისა.
ანგარის მიხედვით, ევროპის რეგიონში თითქმის ყოველ მესამე ბავშვს (ბიჭების 29%-ს და გოგონების 27%-ს) ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე აწუხებს.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" შეფასებით, პანდემიის დროს არაჯანსაღი საკვების მოხმარება გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ეს ჭარბი წონის პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.
ანგარიშის თანახმად, ევროპაში ყოველ მესამე ბავშვს სხეულის მასის მაღალი ინდექსი აქვს. ჯანმო მოუწოდებს მთავრობებს, მიიღონ ზომები სიმსუქნის წინააღმდეგ საბრძოლველად.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მონაცემებით, სიმსუქნის მაჩვენებელი 2016 წლამდე, 10 წლის განმავლობაში, 21%-ით გაიზარდა. მონაცემები 1975 წლის შემდეგ გაორმაგებულია. ამასთან, ევროპელი მამაკაცები უფრო მეტად არიან ჭარბწონიანები, ვიდრე ქალები, სიმსუქნის შემთხვევაში კი - პირიქით.
WHO-ს ანგარიშის თანახმად, საქართველო არ მიეკუთვნება ჭარბწონიანი მოსახლეობით ლიდერ ქვეყნებს. საქართველოში ორივე სქესის სრულწლოვანი ადამიანების 54.2% ჭარბწონიანია (მონაცემი მოიცავს სიმსუქნის მაჩვენებელსაც). მამაკაცების შემთხვევაში, ეს რიცხვი 54.6%-ია, ხოლო ქალებში ჭარბწონიანობა 53.5%-ს აღენიშნება. რაც შეეხება სიმსუქნეს, ამ კატეგორიაში ქალების რიცხვი (23.8%) უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცების (19.2%)
უკანასკნელ წლებში ფარმაცევტულ ბაზარზე იზრდება სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალებების რიცხვი. გასულ წელს Novo Nordisk -ის პრეპარატი Wegovy გახდა პირველი წონის კლების საშუალება, რომელმაც აშშ-ის "სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის" ავტორიზაცია მოიპოვა. დანიური კომპანია ახლა სიმსუქნის ბრენდირებული წამლების ბაზრის ორ მესამედს ფლობს. Novo-ს აქციები გასულ წელს 73%-ით გაიზარდა.
გასულ კვირას, Eli Lilly & Co.-ს სიმსუქნის წამლის გვიანი ეტაპის კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატი Tirzepatide პაციენტებს წონის 21%-სგან გათავისუფლებაში დაეხმარა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ენდი ჰოფმანი და კლარა ერნანც ლიზარაგა