LIVE

მატარებელი სადგურ “გოცირიძეს” მაისშიც გაუჩერებლად გაივლის

03 მაი 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1189
მატარებელი სადგურ “გოცირიძეს” მაისშიც გაუჩერებლად გაივლის

მეტროსადგური „გოცირიძე“, რომელიც 2021 წლის თებერვალში რეაბილიტაციისთვის სამი თვით დაიკეტა, 2022 მაისშიც არ გაიხსნება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ვადების ცვლილების მიზეზად დამატებითი კვლევისა და ექსპერტიზის ჩატარების საჭიროებას ასახელებენ და ვერ აკონკრეტებენ, როდის დასრულდება პროცესი. 

"მაისის ნაცვლად, დაგვიანებით დასრულდება [მეტროს რეაბილიტაცია]. კონკრეტულად რომელ თვეში, არ ვიცით. შესაძლებელია, ორი თვე დასჭირდეს",- განუცხადეს "ბიზნეს ფორმულას" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. 

ცნობისთვის, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციისთვის თავდაპირველად 3.5 მილიონი ლარი გამოიყო. სარემონტო სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებდა, რომ მეტროსადგური მოსახლეობას მხოლოდ 3 თვით ვერ მოემსახურებოდა. თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერში გამარჯვებულ შპს „კაიზენთან“ 2021 წლის 13 სექტემბერს შეწყვიტა ხელშეკრულება.

სამუშაოების ბოლომდე მისაყვანად 2021 წლის 11 ნოემბერს შპს „მამისონთან“ გაფორმდა ხელშეკრულება და პროექტის 2022 წლის მაისში დასრულება დაანონსდა. ამჟამად პროექტის ბიუჯეტი 4.7 მილიონი ლარია.