LIVE

მარტში რუსი და ბელარუსი მოგზაურებისგან საქართველომ $63.6 მილიონის შემოსავალი მიიღო - კვლევა

02 მაი 202219:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 816
მარტში რუსი და ბელარუსი მოგზაურებისგან საქართველომ $63.6 მილიონის შემოსავალი მიიღო - კვლევა

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტში, საქართველომ რუსი მოგზაურებისგან 34.3 მლნ დოლარამდე შემოსავალი მიიღო, რაც წინა თვესთან შედარებით 133%-ით მეტია.

მარტში 551%-ით გაიზარდა ბელარუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი და 29.3 მლნ დოლარს მიაღწია.  

„საერთო ჯამში, ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებისგან მიღებულმა შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული მთლიანი შემოსავლების 37% შეადგინა. უკრაინელი მოგზაურებისგან მიღებული გაზრდილი შემოსავლების (40%-ით) მიუხედავად, უკრაინის წილი მთლიან შემოსავლებში 8%-მდე შემცირდა“, - აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

PMC-ის ინფორმაციით, მარტში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში შემოსული რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მოგზაურების რაოდენობა. რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე 45 100 მოქალაქე შემოვიდა, ბელარუსიდან 20 000, ხოლო უკრაინიდან 16 900. წინა თვესთან შედარებით ზრდა განსაკუთრებით მაღალი იყო ბელარუსისა (281%) და რუსეთის (69%) შემთხვევაში. 

PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, 2022 წლის მარტში შესამჩნევი განსხვავებები შეინიშნებოდა (განსაკუთრებით რუსეთისა და ბელარუსის შემთხვევაში) ქვეყნიდან გასვლებსა და შემოსვლებს შორის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოგზაურთა მნიშვნელოვან ნაწილს მარტში ქვეყანა არ დაუტოვებია.

ამ ფონზე, გაზრდილია სასტუმროების ფასები. კერძოდ, 2022 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი 8,5%-ით გაიზარდა, ყველაზე თვალსაჩინო ზრდა თბილისში დაფიქსირდა.

რაც შეეხება წლიურად ფასების მატებას, მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროს ფასების ინდექსი 14.9%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში სასტუმროები ყველაზე მეტად აჭარაში გაძვირდა.

„საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 152 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 246 ლარი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი - 406 ლარი იყო, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი კი - 114 ლარი“,- აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.