LIVE

ეკოინოვაცია, როგორც ახალი შესაძლებლობა

27 აპრ 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 769
ეკოინოვაცია, როგორც ახალი შესაძლებლობა

მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომპანიების საქმიანობასა და წარმატებაზე. კლიმატის ცვლილება, შეზღუდული რესურსები, ბიომრავალფეროვნების ცვლილება – თანაბრად აისახება სხვადასხვა სექტორსა და ბიზნეს საქმიანობაზე. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კომპანიებმა გააცნობიერეს ახალი მიდგომების აუცილებლობა, რომლებიც ხელს უწყობენ ბიზნეს პროცესების, წარმოებისა და პროდუქტის მდგრადობას. შესაბამისად, ეკოინოვაცია მთავარი კონცეფციაა ამ კონტექსტში. მას გავლენა აქვს კომპანიის საქმიანობის ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ გვეხმარება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ამცირებს ბიზნეს საქმიანობის უარყოფით გავლენას გარემოზე, ზრდის ბუნების მედეგობას გარემოს გამოწვევების წინაშე.

ეკოინოვაციები კომპანიებს ეხმარება არსებულ გამოწვევებს ინოვაციური მიდგომებით გაუმკლავდნენ და ამასთან, მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს უქმნის მათ. კომპანიებს, რომლებიც წარმატებით ნერგავენ ეკოინოვაციებს, ხელი მიუწვდებათ ახალ ბაზრებზე, წარმოების პროცესში უმცირდებათ ხარჯები, ინარჩუნებენ პროდუქტიულობას და ამცირებენ უარყოფით ზეგავლენას გარემოზე, არიან კონკურენტუნარიანნი და მოიზიდავენ ახალ ინვესტიციებს.

ეკოინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციები განსაკუთრებით აქტიურად მუშაობენ. 2019 წლიდან ევროკავშირი, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს პროგრამას “ევროკავშირი გარემოსათვის” (EU4Environment). პროგრამა აერთიანებს ხუთ ძირითად თემატურ საკითხს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს – აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთსა და უკრაინას – ეხმარება პოლიტიკის დაგეგმვასა და უფრო “მწვანე” ინვესტიციების განხორციელებაში, ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობაში, გარემოს დაცვის მიმართულებით აქტივობების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. პროგრამა ევროკავშირის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP), გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) და მსოფლიო ბანკის მიერ ერთობლივად ხორციელდება.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და კომპონენტია მცირე და საშუალო საწარმოებში ეკოლოგიური ღირებულებათა ჯაჭვისა და პროდუქტების ინოვაციების (“ეკოინოვაციების”) ხელშეწყობა, რომელსაც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) ხელმძღვანელობს და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ეკოინოვაციების მნიშვნელობა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის

პროგრამის მონაწილე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ეკონომიკაში, ასევე მნიშვნელოვანია მათი გავლენა გარემოზე, შესაბამისად, ეკოინოვაციების დანერგვა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევა, რაც უფრო “მწვანე” ეკონომიკაზე გადასვლას შეუწყობს ხელს. ეკოინოვაციების დანერგვა, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარებათ, შეამცირონ გამოყენებული რესურსები, აღადგინონ მასალები და მართონ ნარჩენები. 

ეკოინოვაციის დანერგვა ერთიანი პროცესია და გულისხმობს ცვლილებებს კომპანიის/საწარმოს სტრატეგიაში. თავის მხრივ, სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები აისახება ბიზნეს მოდელში, საოპერაციო დონეზე და ბიზნეს პრაქტიკაში. ამდენად, ეკოინოვაცია მოიცავს პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპს: ნედლეულის მოპოვებიდან – სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე, მისი რეალიზაციის ჩათვლით.

პროგრამის ფარგლებში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, UNEP-თან თანამშრომლობით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ცნობიერების ამაღლებასა და შესაძლებლობების განვითარებაში, პროდუქტის წარმოების პროცესში “პრობლემური წერტილების” აღმოჩენაში დაეხმარა, ასევე, ეკოინოვაციური მიდგომები ბიზნეს სტრატეგიაში ასახვის მიზნით ტექნიკურ დახმარება და კონსულტაცია გაუწია.

UNEP-ის პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგად შეირჩა 8 კომპანია, რომლებიც დაინტერესებულნი არიან და აქტიურად მუშაობენ ეკოინოვაციების დასანერგად. პროგრამა შერჩეულ კომპანიებს დაეხმარა, საერთაშორისო სტანდარტებისა და ადგილობრივი ბაზრის გათვალისწინებით, ეფექტიანად დანერგონ ეკოინოვაციური მიდგომები თავიანთ ბიზნეს სტრატეგიასა და საქმიანობაში. პროექტში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: „მანნა“, “ჯი-ეს-ჯი”, „ფრინველი“, „ბიოშეშა“, „სევსამორა“, „უდაბნო“, „ღვინუკა“.

EU4ENVIRONMENT პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს ექვს პარტნიორ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინას თავიანთი ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებაში და საზოგადოების ეკოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში გარემოსთან დაკავშირებული საქმიანობის მხარდაჭერით, “მწვანე ზრდის” შესაძლებლობების დემონსტრირებითა და შეთავაზებით, და ისეთი მექანიზმების დანერგვით, რომლებიც ეკოლოგიური რისკებისა და გავლენების უკეთ მართვის საშუალებას იძლევა. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ხუთი პარტნიორი ორგანიზაციის: OECD, UNECE, UNEP, UNIDO და მსოფლიო ბანკის მიერ.

სტატია მომზადებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.