LIVE

შემდეგი კვირიდან პური კიდევ 20 თეთრით გაძვირდება

26 აპრ 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1024

ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში ადასტურებენ, რომ გასულ კვირას სხვადასხვა დასახელების პურ-პროდუქტები 10 თეთრით გაძვირდა. მწარმოებლების შეფასებით, მაისის დასაწყისში პურზე ფასები დამატებით 20 თეთრით გაიზრდება.

პურის გაძვირების მიზეზებს შორისაა ფქვილის გაზრდილი ფასი. ადგილობრივი წარმოების პირველი ხარისხის ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 80 ლარს შეადგენს, ხოლო რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილის ფასი 75 ლარამდეა. 

„იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ფქვილი რუსეთიდან შემოდის დემპინგურ ფასად, წისქვილების უმეტესობა გაჩერებულია და დაახლოებით სამი წისქვილი განვაგრძობთ მუშაობას ძველი მარაგების ხარჯზე, თუმცა 15 მაისისთვის ჩვენც გავჩერდებით, გამომდინარე იქიდან, რომ ხორბლის მარაგი აღარ გვექნება და სრულად ფქვილის იმპორტზე გადავერთვებით“,- აცხადებს „ბარაქას“ დირექტორი, ლადო ბიძინაშვილი.

გასულ კვირას, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ მთავრობა ხორბლის მარაგების მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს და ფასების მატების შემთხვევაში სახელმწიფო კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე იმსჯელებს. მწარმოებლები ფიქრობენ, რომ ეს კვლავ სუბსიდირების მექანიზმი იქნება.