LIVE

ინტელექტუალური მეძავები და ინფლაცია - მოსაზრება

19 აპრ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2067
ინტელექტუალური მეძავები და ინფლაცია - მოსაზრება

1996 წელს აშშ-ში მინიმალურ ხელფასზე მიმდინარეობდა დისკუსია. ერთი მხრივ, ეკონომიკის თეორიისგან შორს მყოფი ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება უმუშევრობაზე ნეგატიურ ეფექტს არ იქონიებდა. ეკონომისტთა უმრავლესობა კი საწინააღმდეგო პოზიციას იცავდა. ეკონომისტების პოზიციას კარგად ასახავს ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯეიმს ბიუკენენის კომენტარი: „ეკონომისტები... მეძავთა ჯოგი არ არის“, რომ უარი თქვან ეკონომიკურ თეორიაში ორი საუკუნის მანძილზე დაგროვებულ ცოდნაზე.

პროფესორი ბიუკენენის ამ განცხადებიდან გავიდა 25 წელი და ეკონომიკაში 2021 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ეკონომისტს, რომელიც ბიუკენენის თანახმად მეძავად იქნებოდა მიჩნეული. პრემია დავიდ ქარდმა მიიღო, რომელიც ამტკიცებს, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება არათუ ნეგატიურ გავლენას არ ახდენს უმუშევრობაზე, პირიქით, შეიძლება უმუშევრობის შემცირებაც კი გამოიწვიოს.

როგორც წესი, ნობელის პრემია უკვე კარგად დანახულ ტენდენციებს ასახავს, ასე რომ ქარდის ნაშრომების აღიარება ეკონომისტის პროფესიის გაუფასურების დროში გაწელილი პროცესის მხოლოდ კულმინაციას წარმოადგენს. თუმცა, ამისკენ ეკონომისტები სულ მიდრეკილნი იყვნენ.

ეკონომისტებს ისტორიულად გვიყვარს მმართველთა სხეულთან ახლოს ყოფნა, რათა „მრჩევლის“ და „ექსპერტის“ პოზიციიდან ვმართოთ „გაუნათლებელი“ და „უცოდინარი“ პოლიტიკოსი, რომელიც მხოლოდ იმიტომაა ეკონომისტზე მეტი ძალაუფლებით აღჭურვილი, რომ სამყარო უსამართლოა. მიუხედავად ამისა, აქამდე, როგორც წესი, ეკონომისტების უპრინციპობას რაღაც ზღვარი გააჩნდა და იყო საკითხები, რომელზეც პოლიტიკოსი სხვადასხვა ეკონომისტისგან, მიუხედავად ამ ეკონომისტთა შეხედულებებისა, ერთმანეთის მსგავს პასუხებს იღებდა. ეკონომისტებისთვის ასეთი გამაერთიანებელი საკითხი იყო, მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობის მომგებიანობა, ან თუნდაც უკვე ნახსენები მინიმალური ხელფასის უმუშევრობაზე უარყოფითი გავლენა. ზუსტად ასე იყო აღიარებული, რომ ფულის ემისია ფასების ზრდას (ინფლაციას) იწვევს. დისკუსია და დებატები მიდიოდა ინფლაციის ავკარგიანობაზე, ან იმაზე, თუ როდის და რა ფორმით აისახება ფულის ემისია ფასებზე. თუმცა, ემისიასა და ინფლაციას შორის მკაცრი კავშირის არსებობას, მარგინალების გარდა, დიდად არავინ უარყოფდა. ამ იდეის აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებაში განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მილტონ ფრიდმანს აქვს შეტანილი. ნიშანდობლივია, რომ 1999 წელს, მილტონ ფრიდმანის დაბადების დღეს, ბენ ბერნანკემ, იმ დროს ფედერალური სარეზერვო სისტემის მაღალჩინოსანმა და ცნობილმა ეკონომისტმა, მაკროეკონომიკის ერთ-ერთი ცნობილი სახელმძღვანელოს ავტორმა, რომელიც 2006-2014 წლებში ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელიც გახდა, ასე მიმართა მილტონ ფრიდმანს და მისი ცნობილი ნაშრომის [A Monetary History of the United States, 1867–1960] თანაავტორს: „უფლება მომეცით ოდნავ ბოროტად გამოვიყენო ჩემი, როგორც ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლის პოზიცია. მე მსურს ვუთხრა მილტონს და ანნას - დიდი დეპრესიის საკითხში თქვენ მართლები ხართ, ეს ჩვენ გავაკეთეთ. დიდი ბოდიში. თუმცა თქვენი დამსახურებით, ჩვენ ამას აღარ გავიმეორებთ“. ეს იყო არა მხოლოდ მილტონ ფრიდმანის და ანნა შვარცის კლასიკური ნაშრომის აღიარება, არამედ იმის დეკლარირება, რომ მათი იდეები მომავალშიც განაპირობებს მონეტარულ პოლიტიკას.

სამწუხაროდ, ამ გამოსვლის შემდეგ სულ რაღაც ერთ დეკადაში ეკონომისტებისთვის ინფლაციაზე და ზოგადად, ეკონომიკაზე ფუნდამენტური ცნებები პოლიტიკური საჭიროებების და რეგულატორების ავტორიტეტის წნეხის ქვეშ დავიწყებული იქნა. 2008-2009 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს, პირველ რიგში, ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და შემდეგ, ცენტრალური ბანკების უმრავლესობამ ფულის ემისია უპრეცედენტო მასშტაბით გაზარდა. გავრცელდა ტერმინიც - „არაკონვენციური მონეტარული პოლიტიკა“. ესე იგი, პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკურ თეორიაში დადგენილ წესებს სცდება. ფაქტობრივად, პოლიტიკოსებმა თქვეს - „ჩვენ ფულს ვბეჭდავთ, რადგან ასეა პოლიტიკურად საჭირო, ხოლო თქვენ, ეკონომისტებმა, ახლა ახსენით, თუ რატომ არის ეს სწორი“. წინააღმდეგობისა და კრიტიკის ნაცვლად, ეკონომისტებმა ამ გამოწვევას მორჩილებით უპასუხეს და ისტორიულად უპრეცედენტო მასშტაბის ფულის ემისია გარკვეული ენთუზიაზმითაც კი გაამართლეს.

შინაარსობრივად, ამ პერიოდში ეკონომისტების დიდი ნაწილის ქცევა ინტელექტუალურ მეძავობად შეიძლება დავახასიათოთ: იმის ნაცვლად, რომ მთავრობები და ცენტრალური ბანკები ერთიანი კრიტიკის ობიექტი გამხდარიყო, ეკონომისტების ამ ნაწილმა პრინციპებსა და საუკუნეების მანძილზე დაგროვილ ცოდნაზე უარი თქვეს. ზუსტად იმ ცოდნაზე, რომელსაც ასე პატივისცემით მოიხსენიებდა ჯეიმს ბიუკენენი. ეკონომისტების მხრიდან ასეთი რამ პირველი არ ყოფილა. მაგალითად, ანტიმონოპოლიური რეგულირების გასამართლებლად ეკონომისტებს თითქმის საუკუნე დასჭირდათ და დღემდე, მიუხედავად მთავრობების ამ სფეროში აქტიურობისა, მწყობრი თეორია ამ ტიპის რეგულაციას არ გააჩნია. ზოგადად, პრინციპებზე უარის თქმა ფულის, კარიერის თუ ძალაუფლების სანაცვლოდ არა მხოლოდ ეკონომისტებს გჩვევია. განსხვავებული აქ მხოლოდ მასშტაბი და ისეთ ფუნდამენტურ იდეებზე უარის თქმა იყო, რომლის დათმობის შემდეგ ყველაფერი ნებადართული ხდება.

პროფესიული ეთიკის და ინტელექტუალური კეთილსინდისიერების უგულებელყოფის შემდეგ ეკონომისტების მმართველ სისტემაში ყოფნის აზრიც დაიკარგა. რაში სჭირდება პოლიტიკოსს მრჩეველი, რომელიც მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას გაამართლებს? განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როცა ეკონომისტების პროფესიული ენა დიდი ხანია რიგითი ამომრჩევლისთვის სრულიად გაუგებარი გახდა?

ეკონომისტის წოდების ამგვარი გაუფასურების შედეგია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად ეკონომიკასა და ცენტრალური ბანკის როლზე სპეციფიკური წარმოდგენების მქონე იურისტი კრისტინ ლაგარდი დაინიშნა. ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემას 1987 წლიდან აკადემიური კარიერის მქონე ეკონომისტები ხელმძღვანელობდნენ (ა. გრინსპენი, ბ. ბერნანკე, ჯ. იელენი). ახლა კი, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ინსტიტუციას იურისტი მართავს, ხოლო ჩიკაგოს ფედერალური სარეზერვო ბანკის (აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ერთ-ერთი ნაწილი) მმართველ საბჭოში 2022 წელს დაინიშნა ლიზა კუკი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც მიუხედავად პროფესორობისა, არაფერი აქვს დაწერილი მონეტარულ პოლიტიკაზე, ხოლო ამ თანამდებობაზე ის წარადგინეს იმედით, რომ ქალბატონი კუკი „ფედერალურ სარეზერვო სისტემას გაამდიდრებს ქალებისა და შავკანიანი ამერიკელების პრობლემების დღის წესრიგში დამატებით“.

როცა ეკონომიკის არმცოდნე ხალხს ასეთი ინსტიტუტი ჩაბარდა, შედეგიც მალევე დადგა. აშშ-სა და ევროზონაში პანდემიისას საბანკო სისტემის სუბსიდირების მიზნით ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის ემისია დაიწყო, რომელიც დღემდე არ შეჩერებულა. ტრილიონობით დოლარისა და ევროს ემისიამ კი რეკორდული ინფლაცია გამოიწვია. ახლა მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, თუ რამდენ ხანს გაუძლებენ ევროპასა და აშშ-ში ეკონომიკური თეორიის პრინციპების იგნორირებას და როდის გააჩერებს ინფლაციის გარდაუვალი საფასური იმ უგუნურებას, რაც იქ ხდება. ჩვენ კი, ამ ფონზე, განსაკუთრებული პოლიტიკური გამბედაობა და ინტელექტუალური პრინციპულობა გვმართებს, რათა „ევროპაშია ასეა“ ძახილით ბრმად არ ავყვეთ საშიშ დასავლურ ტენდენციებს, ხოლო მომავალში, ფასდაკარგულ და მრავალჯერ გამოყენებულ ინტელექტუალურ მეძავთა მძევლები არ გავხდეთ და მათი ხელმძღვანელობით ის შეცდომები არ გავიმეოროთ, რასაც, ამერიკელები და ევროპელები დღეს უშვებენ და კიდევ დაუშვებენ ახლო მომავალში.

მოსაზრების ავტორი: ეკონომიკის დოქტორი, ალექსანდრე რაქვიაშვილი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს Businessformula.ge-ს პოზიციას.