LIVE

წილოსანი: მიწების რეგისტრაციის პროცესში ბიუროკრატიული პრობლემები არსებობდა

18 აპრ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1025

სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, ერთხელ და სამუდამოდ დახუროს მიწების რეგისტრაციის საკითხი,- ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა "ბიზნეს ფორმულასთან" განაცხადა.

მისი თქმით, 2016 წლიდან დღემდე ყველაზე მეტი მიწა დარეგისტრირდა, თუმცა დეპუტატი აღიარებს, რომ რეგისტრაციის პროცესში გარკვეული ხარვეზები არსებობდა.

"ის პროცესი, რომელიც 2016 წელს დაიწყო, უმნიშვნელოვანესი იყო. თუმცა, ვინაიდან სპორადულად მიმდინარეობდა პროცესი, რეგისტრაცია შეფერხდა. რაც შეეხება ხარვეზებს, იყო გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურები, რომლებსაც მოსახლეობა აწყდებოდა და არაერთხელ ჩვენთვისაც მოუმართავთ. ეს ნამდვილად აღმოსაფხვრელი იყო. ის მოდელი კი, რითაც ახლა საჯარო რეესტრი დაარეგისტრირებს მიწას, სრულად გამორიცხავს ბიუროკრატიას ან რაიმე სხვა პრობლემას",- აცხადებს ნინო წილოსანი და დასძენს, რომ რეფორმა მიწების პრივატიზებასაც შეუწყობს ხელს. 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიწის სისტემური რეგისტრაციის დაჩქარებული გეგმა წარადგინა. ღარიბაშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, ქვეყნის მიწების 1/3 არ არის რეგისტრირებული და 1 200 000 ჰექტარი მიწა ეკონომიკური ბრუნვიდანაა გამოთიშული.

მისი თქმით, 3 წლის განმავლობაში აიზომება და დარეგისტრირდება 1 200 000 ჰა მიწა. ამასთან, მისი თქმით, დაზუსტდება უკვე დარეგისტრირებული მონაცემები. რეფორმის ფარგლებში 120 მილიონი ლარი დაიხარჯება, საიდანაც 15 მილიონი მსოფლიო ბანკის დაფინანსებაა.