LIVE

კლარა ფერეირა მარკესი: პუტინის უსიცოცხლო გზავნილი დავოსიდან

29 იან 202114:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 465
კლარა ფერეირა მარკესი: პუტინის უსიცოცხლო გზავნილი დავოსიდან
Andrey Rudakov/Bloomberg

პუტინმა დავოსის ვირტუალური ფორუმის მონაწილეებს პროტოტიპული ლიდერის სიტყვით მიმართა. მან ფორუმის წამყვან კლაუს შტაბთან ხანმოკლე საუბარი დაიწყო, შემდეგ ვირტუალური კომუნიკაციის პრობლემებზე ისაუბრა, გლობალურ გამოწვევებზე დავით განაგრძო და საუბარი მისთვის საყვარელ თემებზე დამაჯერებელი მიქსით დაასრულა.

მაგრამ კონტექსტი ყოველთვის მნიშვნელოვანია.

პუტინი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით ოთხშაბათს, მას შემდეგ გამოვიდა, რაც ათიათასობით ადამიანმა რუსეთის ქუჩები დაიკავა. დემონსტრატების ნაწილი პირველად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში. ალექსეი ნავალნის მხარდაჭერის გარდა, მათ იმედგაცრუება გამოხატეს სულ უფრო კონსერვატიული მთავრობის, სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკისა და სოციალური უსამართლობის მიმართ. პუტინს არც ერთ ამ თემაზე არ უსაუბრია. მან ტექნოლოგიურ კომპანიებზე დარტყმა ამჯობინა, რომელთა სოციალური მედია პლატფორმები შეხვედრების ორგანიზებისა და ტრანსლირებისთვის გამოიყენებოდა.

პუტინის გადაწყვეტილება, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოჩენილიყო, პირველად თითქმის 10 წლის შემდეგ, სწორედ კვირას დაგეგმილ მორიგ დემონსტრაციებს უკავშირდება. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ მისი სიტყვით გამოსვლა დღის წესრიგში არც იყო გათვალისწინებული. ეს არის გამოხატულება იმისა, თუ როგორ რეაგირებს კრემლი მოახლოებულ კრიზისზე. მსოფლიო ასპარეზზე გამოჩენა უკიდურეს საშუალებას წარმოადგენს. მისი მიზანია ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველას შეახსენოს, ვინ არის რუსეთის პატივცემული სახელმწიფო მოღვაწე.

ეს არ იყო მისი პირველი საჯარო გამოსვლა. პუტინმა ორშაბათს გადადგა უჩვეულო ნაბიჯი. მან სტუდენტებთან კითხვა-პასუხი გამართა და ისაუბრა დემონსტრაციებზე.  მისი თქმით, საპროტესტო აქციებს ქაოსი მოჰყვება, როგორც ეს მოხდა 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ.

პუტინმა დავოსში სხვა ტაქტიკით მოქმედება არჩია. ბევრი ისაუბრა ვაშინგტონში აჯანყებაზე, გამოსვლებზე, დესტაბილიზაციასა და პოლარიზაციაზე, რაც რადიკალიზმსა და დაძაბულ პოლიტიკურ პროცესებზე მიუთითებს „წამყვან ქვეყნებშიც კი“. მან პარალელები გაავლო 1930-იან წლებთან, როდესაც ესკალაციის დაუძლეველობამ მეორე მსოფლიო ომის პროვოცირებამდე მიიყვანა მსოფლიო. რუსეთის ლიდერმა მოითხოვა ახალი წესრიგის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სივრცის შექმნას „განვითარების სხვადასხვა ცენტრებისთვის, მათი გამორჩეული მოდელებით".

და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პუტინის სამიზნე გახდა ტექნოლოგიური მოწყობილობები. რუსეთის ლიდერის თქმით, ისინი კონკურენციას უწევენ სახელმწიფოებს, რაც მათ გლობალურ ანტიმონოპოლიურ დავაში ითრევს. პუტინის მტკიცებით, რუს მომხმარებლებს აქვთ Amazon-ისა და Google-ის საკუთარი ალტერნატივა. ეს მეტყველებს პუტინის იმედგაცრუებაზე იმის გამო, რომ რუსეთის ერთპიროვნული ლიდერი სახელმწიფო მედიისგან განსხვავებით, ვერ ახერხებს ინტერნეტში კრიტიკის შეზღუდვასა და კონტროლს, შესაბამისად, ამ სივრცეში მას ნავალნისთან ბრძოლის უნარი არ აქვს.

სოციალური მედიის აპლიკაციებმა, როგორიცაა TikTok და YouTube, ასევე რუსულმა ალტერნატივებმა, როგორიცაა VKontakte, ფუნდამენტური როლი ითამაშეს გასული კვირის მოვლენებში. ნავალნის ორგანიზაციის მონაცემებით, ციმბირის ქალაქ ომსკში 5 000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ 500 000 ადამიანი უყურებდა პროტესტის პირდაპირ ტრანსლაციას.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან რაც რუსეთში მოხდება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ ხანს შეძლებენ ოპოზიციის ლიდერები მხარდაჭერების მობილიზებას და შეძლებენ თუ არა ისინი ამ მხარდაჭერის ასახვას საპარლამენტო არჩევნების შედეგებში.

ამასთან, ციფრები ყველაფერი არ არის. კრემლმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ნავალნის დემონსტრაციების მასშტაბი შეადარა პუტინის მიერ არჩევნებში მიღებულ ხმებს. თუმცა, ხალხის რისკმა და მსხვერპლმა შეიძლება გამოიწვიოს ფართო რეზონანსი და რეპრესიებმა შეიძლება კრემლისთვის არასასურველი შედეგები გამოიწვიოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლარა ფერეირა მარკესი