
მაშინ, როცა რუსი მაგნატების უმეტესობა დასავლეთის სანქციების ფონზე აქტივებისა და სუპერიახტების გადაადგილებას ცდილობს, ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ვლადიმერ პოტანინმა ესეც შეძლო და გაცილებით მეტიც.
პოტანინის Interros Capital-ი, რომელიც დეკემბერში კვირპროსიდან რუსეთში გადავიდა, ორშაბათს Rosbank-ში Societe Generale-ის მთლიანი წილის შესყიდვას დათანხმდა. ამ აქტივს პოტანინი კარგად იცნობს: ის და მიხაილ პროხოროვი ადრე ამ ბანკს ფლობდნენ, მათ დაიქირავეს ბანკის აღმასრულებლები და საჯარო შეთავაზებაც დაგეგმილი ჰქონდათ, სანამ შუა 2000-იანებში SocGen-მა 10%-იანი პოზიცია არ შეისყიდა. რამდენიმე წელში პარიზში დაფუძნებულმა კრედიტორმა ორგანიზაციაზე კონტროლი აიღო, პოტანინმა კი მისი დარჩენილი წილი გაყიდა.
Norilsk Nickel-ის პრეზიდენტს, 61 წლის პოტანინს ბოლო დროს რთული პერიოდი აქვს. მაღარო გაზრდილი ხარჯებისა და სადაზღვევო პრობლემების წინაშე დგას, ნიკელის გადამტანი გემების პოვნა კი გაჭირდა. Interros-ის დაგეგმილი $1 მილიარდიანი ინვესტიცია რუსულ პროექტებში, რომელიც საერთაშორისო ტურისტებზე უნდა ყოფილიყო გათვლილი, შესაძლოა, ნახევრად გაუქმებული იყოს. პოტანინმა ასევე დაკარგა პოზიციები ნიუ-იორკის პრესტიჟულ ორგანიზაციებში დანარჩენ რუსულ ელიტასთან ერთად.
თუმცა, პოტანინის უნარი განახორციელოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვა საფრანგეთის მესამე უმსხვილესი ბანკისგან, მასა და მისი თაობის სხვა ოლიგარქებს შორის განსხვავებას კიდევ უფრო ნათელს ხდის. ის არ არის სანქცირებული აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ. მიუხედავას იმისა, რომ სხვა მილიარდერებმა, როგორიცაა ვლადიმერ ლისინი, ასევე მოახერხეს სანქციებისთვის თავის არიდება, პოტანინის მიერ მსხვილი გარიგებების გაფორმება მას მნიშვნელოვნად განასხვავებს პეტრ ავენისა და მიხაილ ფრიდმანისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ სანქციებმა მათი ცხოვრება გაანადგურეს.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, პოტანინი რუსეთის უმდიდრესი ადამიანია, რაც დიდწილად Nornickel-ში მისი წილის დამსახურებაა. ის ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ოლიგარქია, რომელიც 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფრიდმანთან და ავენთან ერთად ბუნებრივი რესურსების კომპანიების პრივატიზებით გამდიდრდა. პოტანინი ასევე იყო პირველი ვიცე-პრემიერი ბორის ელცინის დროს.
ექსპერტების თქმით, დიდი საიდუმლო არაა, რატომ რჩება პოტანინი სანქციების ფონზე დიდწილად დაუზარალებელი. მისი Nornickel-ი პალადიუმის გლობალური წარმოების 40%-ზეა პასუხისმგებელი. პალადიუმი მანქანების დაბინძურების შემცირებას უწყობს ხელს. კომპანია ასევე უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ნიკელის გლობალური წარმოების 20%-ს, რაც ელექტრომობილების წარმოებაში მთავარი ლითონია. ნებისმიერი სანქცია, რომელიც კომპანიის წინააღმდეგ შეიძლება დაწესდეს, დასავლეთის მთავრობებს მცირე მიწოდების და მაღალი ფასების სახით უკან მოუბრუნდებათ. მიუხედავად იმისა, რომ პოტანინი კომპანიის უმსხვილესი მეწილე არ არის, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, შესაძლოა, Nornickel-ისა და ინდუსტრიის გავლით დასავლეთზე აირეკლოს.
პოტანინმა რამდენჯერმე საჯაროდ გააკეთა კომენტარი უკრაინის კრიზისის შესახებ. მან აღნიშნა წინააღმდეგობა ქვეყნის მხრიდან საერთაშორისო სანქციების მიმართ პასუხზე და განაცხადა, რომ რუსეთმა ქვეყნიდან გასულ კომპანიებთან ხიდები არ უნდა დაწვას. ამის ნაცვლად მან ადვოკატირება პრაგმატულ სვლებს გაუწია.
აღსანიშნავია, რომ პოტანინის ქონება უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე რუსების უმეტესობის, რომელსაც Bloomberg Billionaires Index-ი ადევნებს თვალს. მისი ქონება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაახლოებით $100 მილიონით შემცირდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბლეიკ შმიდტი