LIVE

ნიუ-იორკის პრესტიჟული ინსტიტუტები რუს მილიარდერებთან კავშირს წყვეტენ

18 მარ 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1345
ნიუ-იორკის პრესტიჟული ინსტიტუტები რუს მილიარდერებთან კავშირს წყვეტენ

ერთი თვის წინ, ვლადიმერ პოტანინი მსოფლიოს ფინანსურ და ბიზნეს ელიტასთან ერთად ნიუ-იორკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) და მანჰეტენის გუგენჰაიმის მუზეუმის ბორდის წევრი იყო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორივე ბორდიდან დაითხოვეს.

ნიკელის და პალადიუმის მაგნატი, რომელიც იმ რამდენიმე ოლიგარქს შორისაა, რომლებსაც რუსეთში კვლავ აქტიური ბიზნესები აქვთ, დასავლეთის სანქციების სამიზნე არ გამხდარა. პოტანინი, $24.5 მილიარდიანი ქონებით, ცნობილია, როგორც საკამათო "სესხები აქციებისთვის" პროგრამის ავტორი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბუნებრივი რესურსების კომპანიების პრივატიზება გამოიწვია.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, აშშ-ის ხელოვნების, არაკომერციულ და განათლების სფეროების კულტურული ინსტიტუტები მზად იყვნენ თვალი დაეხუჭათ რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერების ქონების დაგროვების ხერხებზე. პოტანინის შემთხვევაში, ის საჯაროდ ვლადიმირ პუტინთან ერთად წლების წინ გამოჩნდა, მათ შორის სოჭის საგამოფენო ჰოკეის თამაშზე.

61 წლის პოტანინი ახლა გამოირჩევა, როგორც მაგალითი იმისა, რამდენად სწრაფად იცლიან პოზიციებს სოციალური კაპიტალის დასავლური ბასტიონები პუტინზე საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ელიტას მრავალი საშუალება აქვს ფორმა შეუცვალოს დაგროვილ ქონებას, ამ ინსტიტუტებში მათი ადგილის აღდგენა, სავარაუდოდ, უფრო რთული ამოცანა გახდება.

პოტანინი, პეტრ ავენთან და მიხაილ ფრიდმანთან ერთად, რუსეთთან დაკავშირებულ იმ მილიარდერებს შორისაა, რომლებმაც, Anti-Corruption Data Collective-ის მიხედვით, აშშ-ს ასობით არაკომერციულ ინსტიტუტს $300 მილიონზე მეტი გადასცეს. მონაცემების მიხედვით, სულ მცირე $100 მილიონი ნიუ-იორკში 100-ზე მეტ ორგანიზაციას გადაეცა.

CFR-ის სპიკერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პოტანინის მრჩეველთა საბჭოს წევრად დარჩენა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი აგრესიის ფონზე "მიზანშეწონილი აღარ იქნებოდა". გუგენჰაიმის მუზეუმმა კი განაცხადა, რომ პოტანინმა საბჭო თავად დატოვა.

პოტანინს ფართო ბიზნეს ინტერესები აქვს, რომლებიც რუსულ ფარმაცევტულ ფირმას, სათხილამურო კურორტს, სპილენძის პროექტს და მინიმუმ ორ სუპერიახტას მოიცავს.

ქონების დაგროვების შემდეგ, მან საკუთარი თავის, როგორც ქველმოქმედის ხელახლა გამოგონება დაიწყო. ის გახდა პირველი რუსი, რომელიც 2013 წელს ბილ გეიტსის და უორენ ბაფეტის Giving Pledge-ს შეუერთდა. პოტანინი ასევე ხელმძღვანელობს "ერმიტაჟის" განვითარების ფონდს.

ფონდის ვებსაიტზე პოტანინი ამბობს, რომ სურს, ფილანთროპია უფრო სისტემური და უფრო საქმიანი იყოს და მას უზარმაზარ, გაუთავებელ სივრცეს უწოდებს, რომელიც არასოდეს შემცირდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბლეიკ შმიდტი