LIVE

WTO ვაჭრობის ზრდის პერსპექტივას 3%-მდე ამცირებს

13 აპრ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 735
WTO ვაჭრობის ზრდის პერსპექტივას 3%-მდე ამცირებს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მიხედვით რუსეთის ომი უკრაინასთან მსოფლიო ეკონომიკის პოსტ-პანდემიურ აღდგენას შეანელებს. ასევე, შეამცირებს საქონლით ვაჭრობას და სავარაუდოდ, გამოიწვევს გლობალური ვაჭრობის უფრო ფართო რღვევას.

ჟენევაში დაფუძნებულმა სავაჭრო ორგანიზაციამ ვაჭრობის ზრდის პროგნოზი წელს 4,7%-დან 3%-მდე შეამცირა. WTO-მ ასევე განაცხადა, რომ 2023 წლისთვის ვაჭრობის 3.4%-იან ზრდას ელის, თუმცა ორგანიზაციამ მისი პროგნოზისთვის სავარაუდო რისკებიც დაასახელა, მათ შორის სასურსათო კრიზისი და ვირუსის შესაძლო დაბრუნება.

WTO წელს გლობალური ეკონომიკის 2,8%-ით ზრდას პროგნოზირებს, რაც წინა 4.1%-იან პროგნოზს 1,3 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება. თუმცა, ორგანიზაციის მიხედვით, მშპ 2023 წელს 3.2%-ით გაიზრდება, რაც ახლოსაა საშუალო პრე-პანდემიურ 3%-იან ზრდასთან.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მიმდინარე წელს გლობალურ ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, სავაჭრო ნაკადები უახლეს ისტორიულ ფორმას მაინც უბრუნდება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, საზღვრისპირა ვაჭრობა მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნაწილი იყო, რაც აშშ-ში აზიური საქონლის რეკორდულ იმპორტს უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, თუ WTO-ს უახლესი პროგნოზები შესრულდება, ის 1%-3%-იან დიაპაზონში დაბრუნდება, რომელშიც გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ათწლეულის განმავლობაში არსებობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტენდენციის ასეთი დაბრუნება არ არის ოპტიმალური შედეგი WTO-ს ოფიციალური პირებისთვის, ის მაინც შორს არის მათი კატასტროფული თავდაპირველი პროგნოზებისგან, რომ პანდემია ომისშემდგომ ეპოქაში საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების ყველაზე მკვეთრ კოლაფსს გამოიწვევდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სასაქონლო ვაჭრობა 2020-ში მხოლოდ 5%-ით შემცირდა, ორგანიზაციის თავდაპირველი პროგნოზზე ბევრად ნაკლებად, რომელიც 32%-იან ვარდნას ვარაუდობდა.

თუმცა, მიმდინარე წლის ვაჭრობის შეფერხებები კვლავაც ხელს შეუშლის წარმოებას, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ისეთი მნიშვნელოვანი საქონლის ბაზრები არია, როგორიცაა ნავთობი, ფოლადი, ალუმინი, სასუქი და მარცვლეული.

ამასთან, პეკინის მკაცრი პასუხი Covid აფეთქებებზე მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკიდან ექსპორტისა და ზრდის შენელების საფრთხეს ქმნის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრაის ბრაშუკი