LIVE

ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები რუსულ ნავთობს ერიდებიან

07 აპრ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 624
ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები რუსულ ნავთობს ერიდებიან

ჩინეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები რუსეთთან უკვე არსებულ ნავთობ-კონტრაქტებს ასრულებენ, თუმცა ქვეყანასთან ახალი კონტრაქტების გაფორმებას, ფასდაკლებების მიუხედავად, ერიდებიან. კომპანიები ითვალისწინებენ პეკინის მოწოდებას სიფრთხილის შესახებ, რაც რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებთან არის კავშირში.

ჩინურ სახელმწიფო კომპანიებს არ სურთ ღიად დაუჭირონ მხარი მოსკოვს დამატებითი რაოდენობის ნავთობის შეძენით. ეს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გასულ თვეში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა, ხოლო ევროკავშირმა რუსი ექსპორტიორები, Rosneft-ი და Gazprom-ი, სანქციების ქვეშ მოახვედრა.

ჩინეთმა არაერთხელ გააკრიტიკა დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ქვეყნის მაღალი რანგის დიპლომატმა შაბათს განაცხადა, რომ პეკინი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გვერდს განზრახ არ უვლის.

ჩინეთი, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობიმპორტიორია, რუსული ნედლი ნავთობის მოწინავე მყიდველია და ქვეყნისგან დღეში 1.6 მილიონ ბარელს ყიდულობს. აქედან ნახევარი მიწოდებულია მილსადენებით, რომლებიც სამთავრობო კონტრაქტების ქვეშ ფუნქციონირებენ.

ჩინეთის მხრიდან რუსული ნავთობის იმპორტის შემცირებამ, შესაძლოა, ქვეყნის უზარმაზარ გადამამუშავებელ კომპანიებს ალტერნატივების მოძიება აიძულოს. ეს კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას გლობალურ მიწოდებასთან დაკავშირებით, რამაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ Brent-ის ნავთობის ფასი 14-წლიან მაქსიმუმამდე, $140-მდე გაზარდა.

სანქციების შესახებ შფოთებმა ასევე აიძულა რამდენიმე დამოუკიდებელი გადამამუშავებელი კომპანია, რომლებიც ჩინეთის რუსული ნავთობის იმპორტის მესამედს შეადგენდნენ, მალულად ემოქმედათ.

იმპორტის შესანარჩუნებლად ეს კომპანიები ცდილობენ ალტერნატიული გადახდის მეთოდები გამოიყენონ, როგორიცაა ნაღდი ფულის ტრანსფერი, ტვირთის მიღების შემდეგ გადახდა ან ჩინური ვალუტის გამოყენება.

მიუხედავად ამისა, რუსული მიმწოდებლები - Rosneft-ი, Surgutneftegaz-ი, Gazprom-ი და დამოუკიდებელი მწარმოებლები მაისში კოზმინოს პორტიდან, სავარაუდოდ, რეკორდულ 3,3 მილიონ ტონა ESPO-ს გამოგზავნიან.