LIVE

რუსეთის განცხადებით, ევროპას გაზის მიწოდებას ჯერ არ შეუწყვეტს

01 აპრ 202217:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 705
რუსეთის განცხადებით, ევროპას გაზის მიწოდებას ჯერ არ შეუწყვეტს

რუსეთი აცხადებს, რომ ევროპაში გაზის ექსპორტს ჯერ არ შეწყვეტს. გაზის საფასურის რუბლებში გადახდის შესახებ მოთხოვნა გავლენას არ მოახდენს გადაზიდვებზე, რომლისთვისაც თანხა უკვე გადახდილია. 

კრემლის პრესსპიკერის თქმით, მოთხოვნა ექსპორტზე გავლენას აპრილის მეორე ნახევრიდან იქონიებს და Gazprom იმუშავებს თავის მომხმარებლებთან ახალი წესების დანერგვის მიზნით.

პესკოვი ამბობს, რომ რუსეთს შეუძლია უარი თქვას რუბლებში გადახდის მოთხოვნაზე  თუ პირობები შეიცვლება. "ამჟამინდელ პირობებში, რუბლი ჩვენთვის ყველაზე სასურველი და საიმედო ვარიანტია", - თქვა პრესსპიკერმა. 

გუშინ რუსეთმა განაცხადა, რომ "არამეგობრულ" ქვეყნებს 1 აპრილიდან გაზის მიწოდებას შეუწყვეტს, თუ გაზის საფასურს რუბლში არ გადაიხდიან. 

პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, რუსული გაზის მყიდველებმა უნდა გახსნას სპეციალური ანგარიშები სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად Gazprombank-ში და უცხოური ვალუტა რუბლში გადაცვალონ.

რუსეთი ევროკავშირს აწვდის გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ს და საფასურს ძირითადად ევროსა და დოლარში იღებს.

დღეს გერმანული მედიიდან ცნობილი გახდა, რომ რუსეთიდან ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო Gazprom-ისა და Rosneft-ის შვილობილი კომპანიების შესაძლო კონფისკაციას ან ნაციონალიზაციას განიხილავს. 

"ეს საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა იქნება", - თქვა პესკოვმა გავრცელებულ ინფორმაციაზე.