LIVE

დაბნეული რუსეთი გეგმიურ ეკონომიკას უბრუნდება

03 აპრ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 3848
დაბნეული რუსეთი გეგმიურ ეკონომიკას უბრუნდება

ვლადიმერ პუტინის სტრატეგია, შეაჩეროს რუსი IT სპეციალისტების მიერ ქვეყნის დატოვება, მეტყველი ფაქტია - მათ შესთავაზებენ ხელმისაწვდომ საცხოვრებელს და არ მოუწევთ ომში ჩართვა. ყველა კვალიფიციურ თანამშრომელს შეეძლება წახალისების მიზნით ჯარში გაწვევის გადავადება. პუტინმა ბრძანებას ხელი 2 მარტს, ომის დაწყებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მოაწერა.

როგორც ჩანს, ამას თითქმის არანაირი ეფექტი არ მოჰყოლია - კონსერვატიული შეფასებით, 70,000-ზე მეტმა IT სპეციალისტმა უკვე დატოვა ქვეყანა, კიდევ 70,000, სავარაუდოდ, მომავალ თვეში დატოვებს.

ეს ზომები სასოწარკვეთილი, არაადეკვატური და ძალიან საბჭოური ჩანს, რადგან ისინი რუსეთის უფრო ფართო მიზნის ნაწილია სანქციების შედეგების დასაძლევად საბჭოთა ეპოქის მეთოდების გამოყენებით.

საბჭოთა პერიოდში უზარმაზარი ქვეყნის ეკონომიკა ცხოვრობდა ზემოდან მიღებული ბრძანებების მიხედვით. ყველა საწარმოსა და ქარხანას, კოლმეურნეობებთან ერთად, უნდა ემუშავა ცენტრალური გეგმის მიხედვით, რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ ახლდებოდა შორეული მოსკოვის ხელისუფლების მიერ და ამან არ იმუშავა.

საბჭოთა კავშირმა დიდი გზა გაიარა ამ ტიპის ეკონომიკის ჩამოყალიბებამდე. რამდენიმე ნაბიჯი ფუნდამენტური იყო მათი მიდგომისთვის. რევოლუციის შემდეგ უცხოური ბიზნესის ნაციონალიზაცია იყო ლენინური მიდგომის ნაწილი - არა სტრატეგია, არამედ დროებითი, ნაჩქარევად მიღებული ზომების სერია სამხედრო დიქტატურით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად. უცხოელი აქციონერების საწარმოების ნაციონალიზაციას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სრული უგულებელყოფა მოჰყვა. ამას დაემატა საწარმოს მენეჯმენტის ჩახშობა და შემდეგ ცენტრალიზებულად დაგეგმილი ეკონომიკა, რაც ლოგიკურ და ბუნებრივ ნაბიჯს ჰგავდა.

2022 წელს რუსეთის მთავრობამ დაიწყო მსჯელობა უცხოური საწარმოების ნაციონალიზაციის შესახებ ომის მესამე დღეს. 26 თებერვალს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა გაბრაზებული ტექსტი, რომელშიც აღნიშნული იყო ქონების ნაციონალიზაციის შესაძლებლობა, რომლებიც რეგისტრირებულია “არამეგობრულ ქვეყნებში”.

სულ რაღაც 10 წლის წინ მედვედევი იყო რუსეთის პრეზიდენტი და რუსი ლიბერალების იმედი, რომელიც ცნობილია Apple-ის გაჯეტების თაყვანისმცემლობით.

10 მარტს ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა ნაციონალიზაციის კონცეფციას. კონკრეტულად, იმ უცხოური კომპანიების რუსული აქტივების ნაციონალიზაციას, რომლებმაც რუსეთი დატოვეს. მათი რაოდენობა ახლა 450-ს აჭარბებს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ მოამზადა ნაციონალიზაციის პროექტი, რომელიც ფედერალური სამინისტროების მიერ განიხილება და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში წარედგინება დუმას კენჭისყრისთვის.

კრემლის მომხრე აქტივისტებმა უკვე შეადგინეს 59 უცხოური კომპანიის სია, რომლებიც შეიძლება დაექვემდებაროს ნაციონალიზაციას - სიაში შედიან Shell, IKEA, McDonald's, Microsoft და Apple.

გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები ინტელექტუალური საკუთრების კოდექსში, რათა დაუშვას უცხოური ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შენარჩუნება, თუ რუსი ოფიციალური პირები ამას მიზანშეწონილად ჩათვლიან.

ეს ყველაფერი ჰგავს გაბრაზებულ, ნაჩქარევ, ექსპრომტ პასუხს სანქციებზე, რომლისთვისაც არავინ იყო მზად.

მაგრამ რა არის ეს რეალურად?

რუსეთის ეკონომიკამ საბჭოთა მოდელისკენ სვლა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო.

2015-2016 წლებში რუსი ოლიგარქები კარგავდნენ კონტრაქტებს დასავლეთში და მთავრობამ მათ დახმარება სამთავრობო კონტრაქტებით შესთავაზა, ძირითადად სამხედროებისგან, რომლებიც გადიოდნენ მასიური მოდერნიზაციის პროგრამას.

ექვს წელიწადში ბევრი რუსული ინდუსტრია, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ გახდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილი. შესაბამისად, შეიცვალა კორპორაციული კულტურაც: ადამიანები დიდ ოლიგარქიულ ჰოლდინგებში, რომლებიც ოდესღაც საუბრობდნენ ოლიგარქებს შორის ბრძოლაზე, ახლა საუბრობენ “სამხედრო მიღებაზე” - საბჭოთა პერიოდის ტერმინი, რომელიც ნიშნავს სამხედრო პერსონალის დანიშვნას საწარმოებში ზედამხედველობის მიზნით.

შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი გეგმიურ ეკონომიკაში დაბრუნება იქნება.

გასული წლის დეკემბერში, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ვასილი შპაკმა განაცხადა:

"რუსეთმა უნდა უზრუნველყოს ახალი ტიპის ინდუსტრიალიზაცია და ამისათვის ჩვენ ბევრი რამის შეცვლა მოგვიწევს. ჩვენი მიდგომები ეკონომიკის მართვისა და ინდუსტრიის მართვის მიმართ. ვლადიმირ პუტინმა ვალდაის ფორუმზე განაცხადა, რომ კაპიტალიზმის არსებულმა მოდელმა ამოწურა თავი და ახლა სხვა მოდელს ეძებს. რაიმე ახლის მოსაფიქრებლად, უკან უნდა გაიხედოთ. არ ვამბობ, რომ ძველი მიდგომის ერთი-ერთზე კოპირება გჭირდებათ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ წარმატებული მაგალითები. ამიტომ გეგმიური ეკონომიკა არ მაშინებს”.

იმავდროულად, მაღაზიებში ფასები მთელი ქვეყნის მასშტაბით იზრდება. აქაც ოფიციალურ განცხადებებს ჰქონდა მკაფიო ისტორიული კონოტაცია. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი მმართველი პარტიიდან “სპეკულაციის” დანაშაულის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა.

ეს პირველად გაკეთდა ლენინის დეკრეტში “სპეკულაციის შესახებ” 1918 წლის ივლისში, რომელმაც ფაქტობრივად აკრძალა ყველა სახის კერძო ვაჭრობა.

საბჭოთა მიდგომის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უცხო სახელმწიფოებისგან დამოუკიდებელი ეკონომიკის შექმნა იყო, რომელთაგან ბევრი მტრად ითვლებოდა.

დღეს იზოლაცია გახდა არა მიზანი, არამედ უკრაინაში შეჭრის ფასი. როგორც ჩანს, სახელმწიფო კონტროლის საბჭოთა ელემენტები ბრუნდება.