LIVE

საქართველოს მოსახლეობის 20%-ს ფული საკვებზეც არ ჰყოფნის - კვლევა

30 მარ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 882
საქართველოს მოსახლეობის 20%-ს ფული საკვებზეც არ ჰყოფნის - კვლევა

CRRC-საქართველომ „კავკასიის ბარომეტრის“ 2021 წლის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. 

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 35% მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს. სიღარიბეს 20%, ხოლო ფასების ზრდას (ინფლაციას) 12%.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში 48%-დან 35%-მდე შემცირდა ადამიანების რიცხვი, რომლებიც მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევენ, სამაგიეროდ, 28%-დან 32%-მდე გაიზარდა მოსახლეობის წილი, რომლებიც მთავარ პრობლემად სიღარიბეს და ფასების ზრდას ასახელებენ.

როგორც კვლევაშია მითითებული, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს რაც უნდა. ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის საშუალება მოსახლეობის 10%-ს აქვს. 33%-ს ფული საკვებზე და ტანსაცმლის შეძენაზე ჰყოფნის. 33%-ია მოსახლეობის ის ნაწილიც, რომლებსაც ფული მხოლოდ საკვების შესაძენად ჰყოფნით. 20%-ს კი ფული საკვებზეც არ ჰყოფნის.

46% აცხადებს, რომ ბოლო ერთ წელში იყო შემთხვევა, როცა მათთვის და მათი ოჯახისთვის საჭირო საკვების შესაძენად თანხა არ ჰქონდა.

კითხვაზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში მოუწია თუ არა თქვენს ოჯახს ფულის სესხება საკვების საყიდლად, 38%-ს დადებითი პასუხი აქვს. ასევე სესხის აღება მოუხდა 30%-ს კომუნალური გადასახადების გადასახდელად. 

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 44%-ს სხვადასხვა სახის ვალი აქვს, ხოლო 52% აცხადებს, რომ ვალი არ აქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის, მხოლოდ 8%-ს აქვს დანაზოგი.

მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოდან წასვლის სურვილი მოსახლეობის 52%-ს აქვს, ხოლო 46%-ს სურვილი არ ააქვს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრობლემების მიუხედავად, რესპონდენტთა 73% დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ საქართველოში ყველაფერი მაინც კარგად იქმნება. არსებული სიტუაციის გამოსწორების იმედი 18%-ს არ ააქვს, ხოლო 9%-მა არ იცის მოვლენები როგორ განვითარდება.

CRRC-საქართველომ საველე სამუშაოები 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით ჩაატარა.