LIVE

მდგრადი ბიზნეს მოდელი - გზა მომავლისკენ

30 მარ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 574
მდგრადი ბიზნეს მოდელი - გზა მომავლისკენ

მდგრადი განვითარების დღის წესრიგი ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება სახელმწიფოებისთვის, მუშავდება გეგმები კლიმატის ცვლილების თუ სხვა გამოწვევის გადასაჭრელად. თუმცა, ყველა ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ბიზნესის როლი ყველაზე  მნიშვნელოვანია, რადგან რეალური გავლენის მოხდენა ბიზნესს შეუძლია, თავისი საქმიანობის ეკოლოგიურად სუფთად განხორციელებითა და გარემოზე ნაკლები ზემოქმედებით.

მდგრადი მოხმარებისა და წარმოების მხარდამჭერი მოძრაობა, ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ მდგრადობას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითოეული მომხმარებლის მხრიდან, მაგრამ საინტერესოა, რას ნიშნავს მდგრადობა ბიზნესისთვის და რა არის იმისთვის საჭირო, რომ კერძო სექტორი მოერგოს დღევანდელ გამოწვევებს და გადავიდნენ მდგრად ბიზნეს მოდელზე.

სამყაროში არსებული სხვადასხვა გამოწვევა ცხადყოფს, რომ დაიწყო ბიზნესისთვის ახალი ერა, რაც გულისხმობს იმას რომ კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად და მის შესანარჩუნებლად უკვე აუცილებელია მდგრად ბიზნეს მოდელზე გადასვლა, რათა შეძლონ ახალი მომხმარებლების  მოზიდვა და ძველის შენარჩუნება. პირველ რიგში, იმისათვის რომ კომპანიამ შეძლოს ახალ მდგრად ბიზნეს მოდელზე გადასვლა, აუცილებელია კომპანიის მმართველი გუნდის მიერ არსებული მდგრადი ხედვა და დინამიკური მდგრადობის გამოწვევების კარგად შესწავლა და გააზრება. შემდგომ ეტაპზე, უნდა მოხდეს ეკოსისტემის შესწავლა, სადაც კომპანია ოპერირებს ყველა გარემოსდაცვითი თუ სოციალური ფაქტორის გათვალისწინებით. ამ დროს საჭიროა კარგად დავინახოთ კომპანიის საქმიანობა ფართო ჭრილში. ამ ხედვის გააზრების შემდეგ მნიშვნელოვანია ბიზნესის გაფართოების გეგმის შემუშავება და ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

საინტერესოა, მაინც რატომ მუშაობს მდგრადი ბიზნეს მოდელი?

  1. ის კომერციულად მომგებიანია;
  2. მომავალში წარმატების მომტანია;
  3. იყენებს ისეთ რესურსებს, რომლებიც უფრო მდგრადია.  

კომპანია Unilever-ის ყოფილი მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, პოლ პოლმანი თავის ახალ წიგნში, სახელწოდებით „Net Positive: How Courageous Companies Thrive By Giving More than They Take“, თამამად უჭერს მხარს იმ იდეას, რომ მომავლის კომპანიები უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ მსოფლიოს პრობლემების მოგვარებით,  ვიდრე მათი შექმნით. პოლ პოლმანი უხსნის ბიზნეს ლიდერებს, როგორ მიიღონ კაცობრიობის უდიდესი გამოწვევები - კლიმატის ცვლილება და უთანასწორობა - და შედეგად ააშენონ წარმატებული ბიზნესი. სწორედ, ასეთი ადამიანების გამოცდილება და რჩევა არის მნიშვნელოვანი ბიზნეს ლიდერებისთვის, მდგრადი ბიზნეს მოდელზე გადასასვლელად. პოლ პოლმანის დამსახურებით, მისი მმართველობის 11 წლის განმავლობაში, კომპანია Unilever-ი იყო ნომერ პირველი მდგრადი კომპანია მსოფლიოში.

მდგრადობისკენ ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვანია დავინახოთ რისკები როგორც ახალი შესაძლებლობა კომპანიის ზრდისთვის. ამის კარგი მაგალითია Volkswagen-ი, რომელმაც გადაწყვიტა 2028 წლისთვის გამოუშვას 70-მდე ელექტრო მანქანის ახალი მოდელი. Volkswagen ჯგუფი მიზნად ისახავს CO2-ის სრულად ნეიტრალურ ბალანსს 2050 წლისთვის.

და ბოლოს, რატომ უნდა გადახვიდეთ მდგრად ბიზნეს მოდელზე? ის დაგეხმარებათ:

  1. კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში;
  2. დააკმაყოფილებთ მომხმარებელთა მოთხოვნებს;
  3. შექმნით ახალ შესაძლებლობებს;
  4. მოიზიდავთ ახალ ტალანტს;
  5. გახდებით უფრო რესურს-ეფექტური;
  6. შეამცირებთ უარყოფით გავლენას გარემოზე.  

 

სტატია მომზადებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გამოგვყევით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის Facebook გვერდზე