
რუსული რუბლი მალე აინაზღაურებს ყველა იმ დანაკარგს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განიცადა, თუმცა მას ჯერ კიდევ გარკვეული გზა აქვს გასავლელი.
ვალუტა მოსკოვში გასული 14 სავაჭრო სესიიდან 13-ში გამყარდა, რამაც 33%-იანი ვარდნის უმეტესი ნაწილი აღადგინა. რუბლი სამშაბათს 4%-ზე მეტით გამყარდა, 1 დოლარი ამჟამად 86 რუბლად ივაჭრება, რაც ომამდელ დონესთან ახლოსაა.
თუმცა, დოლარი-რუბლის სავალუტო წყვილს 6% აშორებს საკვანძო 81.16 ნიშნულამდე, დონემდე, რომელზეც რუბლი 23 თებერვალს დაუხურა, ერთი დღით ადრე, სანამ პუტინი უკრაინაში შეჭრის ბრძანებას გასცემდა.
ამ ნიშნულზე დაბრუნება, რუსეთის იზოლაციის გათვალისწინებით, გამოწვევა იქნება.
რუბლის გამყარება არა რუსეთის ეკონომიკის გაჯანსაღებას, არამედ ხელოვნურ ფაქტორებს უკავშირდება.
"რუბლის გამყარება ნამდვილად არის რუსეთის ცენტრალური ბანკის პოლიტიკის შედეგი, რომელიც ყიდვის გაძლიერებას და გაყიდვის შეზღუდვას გულისხმობს. რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტა, სავარაუდოდ, დაეხმარება რუბლს, თუმცა რაიმე მდგრადი გამყარება რთული წარმოსადგენია",- განაცხადა Informa Global Markets-ის განვითარებადი ბაზრების უფროსმა ანალიტიკოსმა ნატალი რივეტმა.
გიომ ტრესკამ, Generali Insurance Asset Management-ის განვითარებადი ბაზრების უფროსმა სტრატეგმა, ასევე ხაზი გაუსვა ვალუტაში არსებულ რისკს, რომელიც არ არის ტიპური, ფუნქციონირებადი ბაზრის ნაწილი.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული კაპიტალის კონტროლის მექანიზმებმა, რომელიც ქვეყნიდან ნაღდი ფულის გადინების შეჩერებას ისახავს მიზნად, გარკვეული მხარდაჭერა შესთავაზა რუბლსაც. რუსეთმა ასევე მოითხოვა ბუნებრივი აირისთვის გადახდები რუბლში განხორციელებულიყო, თუმცა უდიდესმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა მოთხოვნაზე უარი განაცხადეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდნი მაკი