LIVE

აბრამოვიჩს და მოლაპარაკებების სხვა მონაწილეებს მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდათ - WSJ

28 მარ 202220:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 875
აბრამოვიჩს და მოლაპარაკებების სხვა მონაწილეებს მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდათ - WSJ
MIKE EGERTON/PA WIRE/ZUMA PRESS

რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების სხვა მონაწილეებს, მიმდინარე თვის დასაწყისში,  სავარაუდო მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდათ. ამის შესახებ Wall Street Journal-ი საკითხთან დაკავშირებული ადამიანებზე დაყრდნობით წერს

შეხვედრის შემდეგ უკრაინის დედაქალაქში აბრამოვიჩს, ისევე როგორც უკრაინის გუნდის სულ მცირე ორ მაღალჩინოსანს, განუვითარდა მოწამვლის სიმპტომები, როგორიცაა თვალების სიწითლე, მუდმივი და მტკივნეული ცრემლდენა და ხელებსა და სახეზე კანის აქერცვლა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, აბრამოვიჩმა დაკარგა მხედველობა რამდენიმე საათის განმავლობაში. 

აბრამოვიჩისა და უკრაინელი მომლაპარაკებლების, მათ შორის დეპუტატ რუსტემ უმეროვის მდგომარეობა მას შემდეგ გაუმჯობესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულმა წყაროებმა Wall Street Journal-ს განუცხადეს, რომ თავდასხმაში ისინი ადანაშაულებენ რუსებს, რომლებსაც სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურთ.

WSJ გამომძიების ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ "ეს არ იყო მკვლელობის მცდელობა, არამედ უბრალოდ გაფრთხილება".

რომან აბრამოვიჩის პრესსპიკერი ადასტურებს, რომ რუს ოლიგარქს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეხვედრის შემდეგ მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდა. 

კრემლმა გასულ კვირას დაადასტურა, რომ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში საწყის ეტაპზე მონაწილეობდა. 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მიმდინარე თვის დასაწყისში, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, შეიმუშავეს სანქციების პაკეტი, რომელიც რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ გავრცელდებოდა. 

როდესაც მათი გამოცხადების დრო მოვიდა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს უთხრა, რომ შეჩერებულიყო, რადგან უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას ურჩია, რუსმა მილიარდერმა შეიძლება, მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების პროცესში.