LIVE

რუსი მაგნატები მოსკოვის ბირჟის გახსნის შემდეგ $8.3 მილიარდით გამდიდრდნენ

24 მარ 202220:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 2041
რუსი მაგნატები მოსკოვის ბირჟის გახსნის შემდეგ $8.3 მილიარდით გამდიდრდნენ
Bloomberg

სანქციების მიუხედავად, რუსი მაგნატები დაკარგული სიმდიდრის ნაწილს იბრუნებენ.

თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ, მოსკოვში აქციების ფასები იზრდება. საორიენტაციო MOEX ინდექსი 12%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმის, რომ ბირჟაზე მხოლოდ 33 აქციის ვაჭრობა განახლდა, Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მათთან დაკავშირებული რუსების ქონება $8.3 მილიარდით გაიზარდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ათობით რუს მილიარდერს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა. ზოგ მათგანს ამ იურისდიქციებში ქონება ჩამოერთვა, ზოგმა კი, სანამ ჯერ კიდევ შეეძლოთ, ქონების მფლობელობის შეცვლა იჩქარეს. მიუხედავად ამისა, 10 მაგნატის ქონებაზე, რომელთა აქციებმაც ვაჭრობა განაახლეს, ზრდა მაინც აისახა.

ვლადიმერ პოტანინის, ლეონიდ მიხელსონის და გენადი ტიმჩენკოს ქონება დღეს $1 მილიარდზე მეტით გაიზარდა. ტიმჩენკო სანქცირებულთა სიაში ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მოახვედრა, ასევე აშშ-მა ყირიმის ანექსიის შემდეგ 2014 წელს, თუმცა პოტანინი და მიხელსონი ამ სიაში არ მოხვდნენ.

დღევანდელმა მოგებამ ნაწილობრივ აანაზღაურა 24 თებერვლის 33%-იანი ვარდნა, დღის, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ვაჭრობის შეწყვეტამდე, მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანში შემავალი 23 მაგნატი ჯამში $316 მილიარდზე მეტს ფლობდა.

აღსანიშნავია, რომ 33 აქციას, რომლებმაც მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა განაახლეს, გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა, რამაც ხელი შეუწყო ბაზრის გაძლიერებას. უცხოელებს ჯერჯერობით არ ეძლევათ მათი აქციების გაყიდვისა და მოკლე გაყიდვების განხორციელების უფლება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სესილ ვანუჩი