LIVE

პუტინი ომს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგაც აწარმოებს - მოსაზრება

19 მარ 202217:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 973
პუტინი ომს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგაც აწარმოებს - მოსაზრება
Ringo Chiu/AFP via Getty Images

ომის კიდევ ერთმა კვირამ მოიტანა სამხედრო სისასტიკე უკრაინაში და მეტი სანქციები რუსეთზე. ამ ფონზე ნათელია, რომ თვალს ვადევნებთ არა მხოლოდ ერთი, არამედ ორი ქვეყნის განადგურებას. 

რუსეთის ეკონომიკას გაუჭირდება ვლადიმერ პუტინის დაწყებული ომის ფასის გადახდა. თუმცა, რუბლი იხდის მისი მმართველობის ფასს მრავალი წლის განმავლობაში. 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში თითქმის 330-მა კომპანიამ, მათ შორის Apple-მა და Amazon-მა, ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს, რადგან სანქციებმა რუსეთის დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირება მოახდინა. ყველაზე სიმბოლურია McDonalds-ი, რომელიც რუსეთში 850 ფილიალს ხურავს. ჯერ კიდევ 1990 წელს რუსეთში გახსნილი პირველი რესტორნების წინ გრძელი რიგები ცივი ომის დასრულების ნიშანი იყო. 2022 წელს, ბოლო Big Mac-ის რიგები ახალი რკინის ფარდის დაშვებას ნიშნავს.

მიმდინარე კვირაში ახალი სანქციები გამოცხადდა, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, აეკრძალათ რუსული ნავთობის იმპორტი. შეზღუდვების მოცულობის გათვალისწინებით, Bloomberg Economics-ი ვარაუდობს, რომ ჰორიზონტზე სერიოზული ვარდნა ჩანს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი პროგნოზირებს, რომ რუსეთმა შეიძლება დაახლოებით 20 წლიანი პროგრესი დაკარგოს. 

რუსეთის ეკონომიკა უკვე ჩამორჩება მეზობლებს. ჯასტინ ფოქსი განმარტავს, რომ 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია, ხოლო საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილმა წევრებმა და ვარშავის პაქტის ზოგიერთმა ხელმომწერმა ქვეყანამ ის ეკონომიკურ მტვერში დატოვეს. ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები არიან და, ალბათ, ყველაზე გამორჩეული, მაღალი ქულები აქვთ Freedom House-ის თავისუფლების გლობალურ ინდექსში. 

რუსეთის თავისუფლების ქულა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში და მნიშვნელოვნად დაეცა 2013 წლის შემდეგ. მეორე მხრივ, უკრაინა იმავე პერიოდში უფრო თავისუფალი გახდა. სამწუხაროდ, ყოფილ საბჭოთა და ვარშავის პაქტის ქვეყნებში თავისუფლებისგან თავის დაღწევის ტენდენცია შეიმჩნევა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, პუტინის რეჟიმმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა თავისუფლებას და ამჯერად დანაშაულად ჟურნალისტური პრაქტიკა აქცია. ახალი კანონი “ცრუ ინფორმაციის” გავრცელებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, რაც, როგორც ჩანს, ნიშნავს ყველაფერს, რაც კრემლის ოფიციალური ნარატივისგან განსხვავდება. ლეონიდ ბერშიდსკი კანონს დამოუკიდებელი მედიის კუბოში ბოლო ლურსმანს უწოდებს. პუტინის მხრიდან ცენზურის ამ ბოლო აქტამდეც კი, რუსი ჟურნალისტები კომპრომისზე მიდიოდნენ კრემლთან, რათა გაეგრძელებინათ მუშაობა და მიეღწიათ აუდიტორიამდე. 

გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის მომავალი თაობა ბარგის ჩალაგებას და ქვეყნიდან სამუდამოდ წასვლას გეგმავს. შეჭრამდე დიდი ხნით ადრე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალგაზრდების ნახევარიც არ აპირებდა ქვეყნის სამუდამოდ დატოვებას. როგორც კი სანქციები სრულად ამოქმედდება, ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს და მისი შეჩერება მარტივი არ იქნება. 

სტივენ მიჰმის თქმით, პუტინის კომუნისტმა წინამორბედებმა ტვინების გადინება განიცადეს, როდესაც ავტორიტარული მმართველობა დამყარდა. 1949-დან 1961 წლამდე, ვარაუდობენ, რომ სულ მცირე 3,5 მილიონი აღმოსავლეთ გერმანელი, მოსახლეობის 20% დასავლეთში გაიქცა. ეს ადამიანები აღმოსავლეთ გერმანიის საზოგადოების ყველაზე ინტელექტუალური, განათლებული და  ახალგაზრდა წევრები იყვნენ. 

კლარა ფერეირა მარკესი თვლის, რომ ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის ფინალური აქტის დასაწყისია. ჩვენ ვიცით, რომ დიქტატორები ხშირად ითხრიან ძირს საკუთარი შეცდომების შედეგად და ეს შეცდომები ხშირად გაცილებით ნაკლებად სერიოზული იყო, ვიდრე პუტინის მიერ დაშვებული შეცდომები. ამას, დიდი ალბათობით, გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ იქნება გარდამტეხი წერტილი, რომელიც საბოლოოდ გამოავლენს უკვე ჩამქრალ ეკონომიკურ და სოციალურ უკმაყოფილებას იმ მასშტაბით, რომლის იგნორირებაც კრემლს არ შეუძლია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლარა უილიამსი