LIVE

ახალი მსოფლიო იბადება, სადაც ჩვენი ადგილი უნდა გვქონდეს - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

13 მარ 202215:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 1493

„ნატახტარის“ კორპორატიული დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რეგიონის, მათ შორის საქართველოს მიმართ, ინტერესი მკვეთრად გაიზრდება და საქართველომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

„რაც უკრაინაში ხდება ყველას ძალიან გვაწუხებს და იმედია, მალე დამთავრდება. ჩემი მოლოდინია, რომ ომის შემდეგ, უკრაინაში ასობით მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომ ქვეყანა თავიდან აღორძინდეს და გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო. მსოფლიოსთვის ეს კარგი მაგალითი იქნება, თუ როგორ შეიძლება ტოტალიტარული რეჟიმის დამარცხება და ახალი ქვეყნის შექმნა. ამ კონტექსტში, რეგიონს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, უფრო მეტი დატვირთვა მიეცემა, რაც ჩვენი რეგიონისა და მათ შორის საქართველოს მიმართ ძალიან დიდ ინტერესს გამოიწვევს. ეს შესაძლებლობა კი ყველამ - ბიზნესმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და მთავრობამ ერთად უნდა გამოვიყენოთ“,- აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

მისი განცხადებით, საქართველოში მსხვილი უცხოური კომპანიების შემოყვანის მიზნით, ქვეყანამ ბევრი უნდა იმუშაოს.  

„საერთაშორისო კომპანიებს, რომლებსაც რეგიონში ოპერირება სურთ, ძალიან კარგი პლაცდარმი უნდა შევუქმნათ. დღეს რეგიონში, ახალი ცენტრის ჩამოსაყალიბებლად ძალიან ბევრი დედაქალაქი იბრძვის.

ინვესტიციების მოზიდვის პროცესში მთავრობის როლი უდიდესია. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარეობს ამ ტიპის მოლაპარაკებები. დედაქალაქებში დადიან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ჩვენი ელჩები“,- განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მისივე თქმით, „ნატახტარი“ მოლაპარაკებებს მართავს მომწოდებლებთან, რომ წარმოებები საქართველოში გადმოიტანონ, თუმცა რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ისინი, თავს იკავებენ.

„უსაფრთხოების რისკები იმდენად მაღალია, რომ თუ ომი არ დამთავრდება, ჩვენ მუდმივად ამ პროცესში ვიქნებით. შესაბამისად ომის დასრულება და უსაფრთხოების გარანტიების მიღება ნომერ პირველი პრიორიტეტია.

დღეს რაც ხდება უკრაინაში, ეს იქნება ძალიან დიდი კატალიზატორი, იმისათვის რომ, პრაქტიკულად ახალი მსოფლიო დაიბადოს და ამ ახალ მსოფლიოში ჩვენ ადგილი უნდა გვქონდეს“,- აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.