LIVE

ბაიდენი რუსეთისთვის პრივილეგირებული სავაჭრო სტატუსის დასრულების ინიციატივით გამოდის

11 მარ 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 847
ბაიდენი რუსეთისთვის პრივილეგირებული სავაჭრო სტატუსის დასრულების ინიციატივით გამოდის
Yuri Gripas/Abaca/Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს პარტნიორებს რუსეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტისკენ მოუწოდოს, რაც გზას გაუხსნის რუსულ იმპორტზე უფრო მაღალი ტარიფების დაწესებას.

განცხადება სავაჭრო პრივილეგიების შეწყვეტის შესახებ G-7-ისა და ევროკავშირის ლიდერებთან ერთად გაკეთდება. 

ბაიდენს არ შეუძლია ცალმხრივად შეცვალოს რუსეთის სავაჭრო სტატუსი, რადგან ეს ძალაუფლება კონგრესს აქვს მინიჭებული.

შეერთებულ შტატებთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების შეჩერება რუსეთს ისეთი ქვეყნების რიგში ჩააყენებს, როგორიცაა კუბა და ჩრდილოეთ კორეა. ეს საშუალებას მისცემს აშშ-ს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე მნიშვნელოვნად მაღალი ტარიფებით, ვიდრე ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) სხვა წევრებისთვისაა. WTO-ს მთავარი პრინციპია წევრებს შორის დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა წევრის მიმართ თანაბარი მოპყრობა. 

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა “რუსეთისთვის შემდგომი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მოქმედებები”, მათ შორის სავაჭრო შეღავათების საკითხი, სწორედ დღეს უნდა განიხილოს. 

წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ლიდერები ითხოვდნენ შეღავათიანი სავაჭრო ურთიერთობების გაუქმებას, მაგრამ მიმდინარე კვირის დასაწყისში ეს დებულება ამოიღეს პალატის იმ კანონპროექტიდან, რომელიც რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტს კრძალავს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, რუსეთი ბევრად უფრო მეტად არის დამოკიდებული ევროკავშირზე, ვიდრე აშშ-ის ბაზარზე - ექსპორტის დაახლოებით მესამედი სწორედ ევროკავშირზე მოდის, ხოლო აშშ-ში - 5%. 

გასულ კვირას ევროკავშირმა განაცხადა, რომ ცდილობს რუსეთს უპირატესი სტატუსის მოუხსნას, ხოლო კანადამ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენი ლეონარდი