თვითმფრინავების მფლობელები ასობით Airbus-ისა და Boeing-ის თვითმფრინავის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან. რუსული ავიახაზები ახალი რკინის ფარდის მიღმა თვითმფრინავების ჩამორთმევისგან ფაქტობრივად დაცულები არიან.
უცხოურმა სალიზინგო ფირმებმა რუსული ავიახაზებისთვის მიქირავებული 500-ზე მეტი თვითმფრინავიდან მხოლოდ 2 ათეულის დაბრუნება მოახერხეს. საავიაციო ანალიტიკური ფირმის, Ishka-ს შეფასებით, ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფი თვითმფრინავების საბაზრო ღირებულება $10,3 მილიარდია.
ტექნიკურად, მეიჯარეებს თვითმფრინავების დაბრუნების ვადა ევროკავშირის სანქციების პირობებში 28 მარტამდე აქვთ. თუმცა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა Aeroflot-მა და სხვა რუსულმა ავიახაზებმა თვითმფრინავების დიდი ნაწილი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათი მფლობელებისთვის მიუწვდომელ ადგილას უკვე მოაგროვეს. მთავრობამ ხელი შეუწყო ძალისხმევას, დაავალა ავიახაზებს შეწყვიტონ საერთაშორისო ფრენები და თვითმფრინავები რუსეთში სამშაბათისთვის დააბრუნონ.
რუსეთის მთავრობის ეკონომიკურ შეზღუდვებზე პასუხმა და ათწლეულების წინანდელი საერთაშორისო ხელშეკრულებების უგულებელყოფამ სალიზინგო ინდუსტრია გააოგნა. კონვენციები, რომლებიც იცავენ მეიჯარეების უფლებას გადაკვეთონ საზღვრები და მოითხოვონ მათი თვითმფრინავების დაბრუნება, ინდუსტრიაში ინვესტიციების მოზიდვას დაეხმარა. ინვესტორებმა თვითმფრინავი უსაფრთხო ინვესტიციად მიიჩნიეს, რასაც საერთაშორისო ფრენების ბუმი მოჰყვა.
რუსეთის ხელისუფლებამ თვითმფრინავების ჩამორთმევის თავიდან ასაცილებლად ქვეყნის ავიაკომპანიებს ფრენების შიდა მარშრუტებზე და მეგობრულ ბელარუსზე შეზღუდვისკენ მოუწოდა. რუსეთის მთავრობამ ასევე ურჩია ოპერატორებს რუსეთში ხელახლა დაარეგისტრირონ უცხოურ საკუთრებაში არსებული თვითმფრინავები.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯული ჯონსონი