LIVE

მოწამვლა, დაპატიმრება და საიდუმლო სასახლე

25 იან 202110:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 428
მოწამვლა, დაპატიმრება და საიდუმლო სასახლე
Alexander Nemenov/AFP via Getty Images

„ნუ გეშინია. გამოდი ქუჩებში“ - ამ სიტყვებით მოუწოდა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა მოსახლეობას საპროტესტო აქციებზე გასვლისკენ. "ნუ გამოხვალ ჩემთვის, გამოდი შენთვის და შენი მომავლისთვის."

ეს იყო შეკრებისკენ დამაჯერებელი მოწოდება. პუტინმა მისი ყველაზე აქტიური კრიტიკოსი გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააპატიმრა. სამართალდამცავებმა მის დასახვედრად შეკრებილი ადამიანებიც დააკავეს. ეს მოვლენები იყო შეხსენება, რომ ნებისმიერი ოპოზიციური ხმა, განსაკუთრებით დაჟინებული, კრემლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რომელსაც ის აუცილებლად გაუმკლავდება. დასავლეთის წინააღმდეგობა კი იგნორირებული იქნება.

დაკავებიდან 2 დღეში ნავალნიმ გამოაქვეყნა სრულმეტრაჟიანი ფილმი ზღვისპირა სასახლის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, პუტინს ეკუთვნის. გამოქვეყნების შემდეგ ვიდეო 70 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ნავალნის მხარდასაჭერად ონლაინ მოწოდებებმა, განსაკუთრებით TikTok-ის თაობამ, კომუნიკაციების მარეგულირებელს მკაცრი ზომების მიღება აიძულა. საპროტესტო აქციამდე ოპოზიციის ლიდერის რამდენიმე მოკავშირე დააკავეს.

ახლა ნებისმიერი შეკრება იქნება ინდიკატორი, რომ მოსახლეობა ნავალნის ანტიკორუფციულ მიმართვასა და საკუთარ გაჭირვებას შორის ბმას ხედავს. ეს არის დაპირისპირება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს პუტინის მეოთხე, მაგრამ არა აუცილებლად ბოლო ვადას.

ეს არის ის,  რასაც ლი მორგენბესერმა, Griffith უნივერსიტეტის წარმომადგენელმა კუმულაციური უკმაყოფილება, ძლიერი ძალის შედეგი უწოდა. ახლა არ გაყალბებულა არჩევნები, რამაც შეიძლება საპროტესტო ქმედებების პროვოცირება მოახდინოს, როგორც ეს მოხდა წარსულში, ან ახლახანს მეზობელ ბელორუსში. თუმცა, რუსეთში მოხდა მრავალი მოვლენა, რომლებმაც დროთა განმავლობაში გაზარდა უკმაყოფილება: შოკისმომგვრელი მოწამვლა, დაპატიმრება აეროპორტში, რომელიც სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადიოდა, ნაჩქარევი სასამართლო პროცესი, შემდეგ კი მილიარდ დოლარიანი სასახლის სურათები, რომელსაც ვეღარ დაუპირისპირდება მკაცრი, ღვთისმოშიში შრომისმოყვარე პუტინის იმიჯი.

რაც უფრო ავტორიტარული ხდება სისტემა, მით უფრო რთულდება მასთან დაპირისპირება მხოლოდ ხალხის ძალით. მიუხედავად ამისა, რუსები ხშირად მონაწილეობენ ანტისახელისუფლებო მსვლელობებში: 2011 და 2012 წლებში, როცა პუტინმა მედმედევს გაუცვალა თანამდებობა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით;  2017 წელს, როცა ნავალნიმ საკუთარ ვიდეოში აჩვენა მედვედევის კუთვნილი სასახლე და პუტინის გარემოცვა ამხილა მფლანგველობაში; 2018 წელს საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ და 2019 წელს მას შემდეგ, რაც ანტისამთავრობო კანდიდატებს აეკრძალათ მოსკოვის არჩევნებში მონაწილეობა. გასულ წელს, სახალხო რეგიონალური გუბერნატორის დაპატიმრების შემდეგ ხაბაროვსკის ოლქში საპროტესტო აქციები თვეების განმავლობაში ტარდებოდა.

საკითხავია, შეუძლია თუ არა ნავალნის ამ უკმაყოფილების გამოყენება. ტელევიზიიდან გაქრობა ართულებს ხანდაზმულ რუსებთან კომუნიკაციას. მთავრობის ბინძურმა კამპანიამ კი კვალი დატოვა: დეკემბერში Levada Centre-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა თითქმის ნახევარი, რომლებმაც იცოდნენ მისი მოწამვლის შესახებ, თვლიდნენ, რომ ეს ტყუილი ან დასავლეთის მიერ შემუშავებული პროვოკაცია იყო.

პუტინის პირადი პოპულარობა შორს არის 2014 წლის ნიშნულისგან, როცა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ ნაციონალისტური განწყობების ტალღა გამოიწვია. კრემლის ელიტები დემონსტრაციებს იგნორირებას უკეთებდნენ, თუმცა ადრე მათ წინააღმდეგ ამდენი ფაქტორი არ მუშაობდა.

იან მატი დოლბაუმი, რომელიც ბრემენის უნივერსიტეტში რუსეთის ოპოზიციასა და პროტესტს სწავლობს, ამბობს, რომ ნავალნის და მის მოკავშირეებს შეუძიათ უკმაყოფილებაზე დაყრდნობა და პროტესტის რამდენიმე თვე, სულ მცირე იქამდე შენარჩუნება, ვიდრე სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანია არ დაიწყება. ეს გააძლიერებს ნავალნის გზავნილს და გააფართოვებს ანტიკორუფციული ფონდის Smart Vote კამპანიას, რომლის მიზანი კრემლის მომხრე კანდიდატების დამარცხებაა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის პოლიტიკაში კვლავ შესაძლებელია ცვლილება. ფსონები იზრდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლარა ფერეირა მარკესი