LIVE

გაეროს სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელზე მოსმენას იწყებს

07 მარ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1184
გაეროს სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელზე მოსმენას იწყებს

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) დღეს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელზე მოსმენას იწყებს. კიევი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლეს სასამართლოში ცდილობს გააქარწყლოს რუსეთის ბრალდებები გენოციდთან დაკავშირებით და ითხოვს გამოიცეს საგანგებო გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში რუსეთის აგრესიას შეაჩერებს. 

უკრაინამ ICJ-ში სარჩელი 26 თებერვალს შეიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა და ქვეყნები მას ემორჩილებიან, სასამართლოს აღსრულების პირდაპირი მექანიზმი არ გააჩნია. 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი "განსაკუთრებული სამხედრო მოქმედებით" იცავს ადამიანებს, რომლებიც ბულინგის და გენოციდის მსხვერპლები არიან. იგულისხმება აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობა.

უკრაინა კი ამტკიცებს, რომ გენოციდის შესახებ რუსეთის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ იძლევა უკრაინაში შეჭრის სამართლებრივ დასაბუთებას.

გასულ კვირას გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პუტინი "ბოროტად იყენებს ტერმინ "გენოციდს".

"აბსოლუტურად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინაში გენოციდი მიმდინარეობს",- განუცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა მელანი ო'ბრაიენმა Reuters-ს.

ICJ-ს უფლებამოსილია, საქმის არსებით განხილვამდე, მიიღოს "დროებითი ზომები" რამდენიმე დღეში ან კვირაში, რათა თავიდან აიცილოს სიტუაციის გაუარესება. 

უკრაინამ სასამართლოსგან "დროებითი ზომები" მოითხოვა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. მაშინ ICJ-მ ორივე მხარეს დაავალა დავა არ გაემწვავებინათ. 

უკრაინის მიერ გაეროს სასამართლოში შეტანილი ახალი საქმე გენოციდის პრევენციის შესახებ 1948 წლის ხელშეკრულების ინტერპრეტაციას ეხება, რომლის ხელმომწერი ორივე ქვეყანაა, როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი.