LIVE

უკრაინა-რუსეთის ომმა გლობალური GDP შესაძლოა $1 ტრილიონით შეამციროს

03 მარ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 660
უკრაინა-რუსეთის ომმა გლობალური GDP შესაძლოა $1 ტრილიონით შეამციროს

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური და სოციალური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (NIESR) თანახმად, უკრაინის კონფლიქტმა შეიძლება მსოფლიო ეკონომიკის ღირებულება $1 ტრილიონით შეამციროს, ხოლო გლობალური ინფლაცია მიმდინარე წელს 3%-ით გაზარდოს. 

ლონდონში მდებარე ინსტიტუტმა განაცხადა, რომ მიწოდების პრობლემების გამო ეკონომიკის შეფერხებამ და გაზრდილმა ფასებმა შეიძლება მომდევნო წლის გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) 1 პროცენტული პუნქტით შეამციროს. მოსალოდნელია, რომ მომავალი წლის ინფლაცია დამატებით 2 პროცენტული პუნქტით გაიზრდება.

საქონლისა და ენერგიის ძირითად წყაროებთან - რუსეთთან და უკრაინასთან ევროპის მჭიდრო თანამშრომლობის გამო ევროპაში ნეგატიური გავლენა უფრო საგრძნობი იქნება.

ევროპული ქვეყნების მთავრობები იძულებულები არიან, აიღონ მეტი სესხი, რათა გაუმკლავდნენ მიგრანტების ნაკადს და გააძლიერონ თავიანთი ჯარები. 

"უკრაინის კონფლიქტი ქმნის დამატებით ეკონომიკურ სტრესს Covid-ით დასუსტებულ სისტემაზე. მომარაგების ჯაჭვები კიდევ უფრო დაირღვევა და მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა გადაიხედება",- თქვა NIESR-ის დირექტორმა ჯაჯიტ ჩადჰამ. 

რუსეთი შეძლებს თავიდან აიცილოს რეცესია, რადგან სანქციების ეკონომიკური დარტყმა "ნაწილობრივ კომპენსირდება გაზისა და ნავთობის ექსპორტის მაღალი ფასებით". თუმცა, რუსეთის GDP 2023 წლის ბოლოსთვის პროგნოზით გათვალისწინებულ მაჩვენებელს 2.6%-ით ჩამორჩება, რუბლის კოლაფსი კი ინფლაციას 20%-მდე დააჩქარებს. 

მკვლევრის თქმით, რუსეთის GDP-ზე დარტყმა მხოლოდ მცირედით ჩამორჩება ევროზონისა და გაერთიანებული სამეფოს მაჩვენებლებს, სადაც 2023 წელს მოსალოდნელი ზრდა დაახლოებით 1,5%-ით ნაკლები იქნება. როგორც კი ეკონომიკური ზრდა შენელდება, გაძლიერდება საყოფაცხოვრებო ხარჯების კრიზისი. გაერთიანებული სამეფოს ინფლაცია წელს საშუალოდ 7% იქნება, 2023 წელს მაჩვენებელმა შესაძლოა 4,4%-მდე შემცირდეს.

თუ რუსული ბუნებრივი გაზისა და ნავთობის გადაზიდვაზე სანქციები გამწვავდება, რუსეთისთვის დარტყმა მწვავე იქნება, მაგრამ ეს ასევე გაზრდის "რეცესიის რისკს, რომელსაც თან სდევს მნიშვნელოვნად დაჩქარებული ინფლაცია" ევროკავშირში. ბლოკი გაზის 40%-ს რუსეთიდან იღებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფილიპ ოლდრიკი