LIVE

₾1 500-მდე შემოსავლის მქონე პირებს სესხის თანხა ეზღუდებათ

02 მარ 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 9133

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების ცალკეულ მოთხოვნებში ცვლილება შედის. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) 25%-იანი მოთხოვნა 1,000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით ეს ზღვარი 1,500 ლარამდე იზრდება. აღნიშნული ცვლილება 2022 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება

სესხის მომსახურების კოეფიციენტით (PTI) დგინდება სესხის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის მაქსიმალური ზღვარი, რომელიც განისაზღვრება მსესხებლის განკარგვადი შემოსავლის პროპორციულად. შესაბამისად, ამ ცვლილების შემდეგ, 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები მხოლოდ იმ ოდენობის სესხს აიღებენ რომლის ყოველთვიური მომსახურებისთვისაც მათი შემოსავლის 25% საკმარისი იქნება.

სებ-ის განმარტებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რის შემდგომ რიგი ნომინალური ეკონომიკური მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა.

გარდა ამისა ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ. 2022 წლის 1 მაისიდან დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები აღნიშნული შოკის გათვალისწინებით გადათვლილმა სესხის მომსახურების კოეფიციენტმა უნდა დააკმაყოფილოს. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ეს ცვლილებები, რომელთა მიზანი მსესხებელი ფიზიკური პირების შოკის შეწოვის უნარის შენარჩუნებაა, ხელს შეუწყობს ფინანსურ სტაბილურობას და თანხვედრაშია FSAP-ის რეკომენდაციებთან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. განცხადების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და რეგიონში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს კაპიტალის სოლიდური ბუფერებით ხვდება.

"რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა და რუსეთის მიმართ შესაბამისად დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა გაურკვევლობა რეგიონის მაკროეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა. როგორც დეკემბერში გამოქვეყნებულ სტრეს-ტესტის შედეგებში იყო ნაჩვენები, საბანკო სექტორი მდგრადობას მკაცრი და ექსტრემალური რისკ-სცენარების შემთხვევაშიც ინარჩუნებს",- წერია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში და აღნიშნულია, რომ მიმდინარე მაკროეკონომიკური მოვლენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ სწორ, წინმსწრებ პოლიტიკას დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით.