„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოში 7 000-ზე მეტი რუსული კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან.
აქედან 1 230 კომპანია 1995 - 2012 წლებშია დარეგისტრირებული. 2013 წლიდან კი რუსული კომპანიების და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაფუძნების ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა და 5 500-მდე კომპანია 2013-2020 წლებში დარეგისტრირდა.
ამის შესახებ აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულებაა განხილული.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის იმ მოქალაქეების ნახევარზე მეტი, ვინც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ფლობს, ქართული გვარის მქონე პირია.
მსხვილი რუსული კომპანიები წარმოდგენილნი არიან საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის: ენერგეტიკაში, მძიმე და მსუბუქ მრეწველობაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში, კომუნიკაციებში, სათამაშო ბიზნესში, რესტორნებსა და სასტუმროებში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ავრცელებს საქართველოში მოქმედი 27 მსხვილი რუსული კომპანიის ჩამონათვალს. ეს კომპანიებია:
- სს „თელასი“;
- სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“;
- შპს „ენერგია“ („ლარსი ჰესი“, „შილდა ჰესი“);
- სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“;
- შპს „მაინინგ ინვესთმენთსი“ (შპს „RMG Gold“ და შპს „RMG Copper“);
- სს „ელმავალმშენებელი“;
- შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო“;
- შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“;
- შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალი („აიდიეს ბორჯომი“);
- შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“;
- შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“;
- შპს „ვიონი საქართველო“ („ბილაინი“);
- სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“;
- შპს „მეტრა დეველოპმენტი“;
- შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“;
- შპს „როიალ ბატონი“;
- შპს „ლუკოილ-ჯორჯია“;
- „იანდექს ტაქსი“;
- სს „მეტროვაგონმაში“;
- შპს „სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალის საქართველოს ფილიალი“;
- შპს „კლასიკ-სტროი“;
- შპს „ინვესტსტროირეგიონ“;
- შპს „გროსინვესტ კაპიტალი“;
- შპს „ინდივიდ-პარტნიორი“;
- შპს „ნანოტეხსტროის ფილიალი საქართველოში“;
- შპს „სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო სევერო-ზაპადი“;
- შპს „ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2011 - 2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულმა კომპანიებმა ჯამში 590 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც 2011 - 2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში დახარჯული თანხის, დაახლოებით, 1.4%-ია.
სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა „ლუკოილ-ჯორჯიამ“ (200 მლნ ლარი), „მეტროვაგონმშენმა“ (175 მლნ ლარი), „ჩელიაბინსკტრანსსიგნალის საქართველოს ფილიალმა“ (46 მლნ ლარი), „კლასიკ-სტროიმ“ (15.7 მლნ ლარი) და „ინვესტსტროირეგიონმა“ (13 მლნ ლარი) მიიღეს.