პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი მოქალაქეებს რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ ომის შეწყვეტის მოთხოვნით ყოველდღიურ აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ცოტა ხნის წინ მან Twitter-ზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.
"პუტინი არ არის რუსეთი და ახლა რუსეთში რაიმე, რითაც ყველაზე მეტად შეგიძლიათ იამაყოთ, ეს ის 6824 ადამიანია, რომლებიც დააკავეს, რადგან ისინი ყოველგვარი მოწოდების გარეშე გამოვიდნენ ქუჩებში პლაკატებით, რომლებსაც ეწერა "არა ომს".
6/12 Putin is not Russia. And if there is anything in Russia right now that you can be most proud of, it is those 6824 people who were detained because - without any call - they took to the streets with placards saying "No War".
ოპოზიციონერი მოსახლეობას მოუწოდებს აქციები ყოველდღე ნებისმიერი ქალაქის მთავარ მოედანზე 14:00 საათზე გამართონ.
ალექსეი ნავალნი რუსეთში გასული წლის დასაწყისში დაბრუნდა და დაჩქარებული სასამართლო პროცესის შემდეგ, პირობითი სასჯელის პირობების დარღვევისთვის, 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ოპოზიციონერის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ განიხილება.
ოპოზიციის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნოვიჩოკის ტიპის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლაში დაადანაშაულა. კრემლი ნავალნის მოწამვლასთან რაიმე კავშირს უარყოფს.