LIVE

ალექსეი ნავალნი მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს

01 მარ 202116:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 432
ალექსეი ნავალნი მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს

ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წელს ქიმიური იარაღით, ე.წ. ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ სიკვდილს გადაურჩა, სასჯელს მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოიხდის. რუსეთის ოპოზიციის ლიდერი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ვლადიმირის რეგიონში არსებულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ციხეში, რომელსაც „წითელ ზონას“ უწოდებენ, პატიმრები ბარაკებში ცხოვრობენ, როგორც წესი, ფიზიკურად მუშაობენ და ადმინისტრაცია პატიმრების ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებს. პენიტენციური დაწესებულებების სამოქალაქო ზედამხედველობის ჯგუფის წევრი, ევა მერკაჩევა აცხადებს, რომ ეს „მკაცრი სადამსჯელო ბანაკია, რომელსაც ძალიან მკაცრი წესები აქვს, რბილად რომ ვთქვათ“.

ოპოზიცონერი აქტივისტი, კონსტანტინე კოტოვი, რომელმაც სასჯელი იმავე დაწესებულებაში მოიხადა, ამბობს, რომ პატიმრებს ციხის ადმინისტრაცია განმეორებითი სასჯელით მუდმივად აშინებს. მიზეზი კი მრავალია - მისალმება ბადრაგთან, სხვისი ხელთათმანების გამოყენება და ა.შ.

„ალექსეი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნება “ - ამბობს კოტოვი- „ადმინისტრაცია თვალყურს ადევნებს თითოეულ ნაბიჯს“. მიუხედავად იმისა, რომ საქმის გახმაურების გამო ნავალნიზე არ უძალადიათ, „ის მძაფრ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა“ - განაცხადა აქტივისტმა.

კონსტანტინე კოტოვის ადვოკატი, მარია ეისმონტი ამბობს: „მე რომ ციხის ადმინისტრაცია ვიყო და მსურდეს, ნავალნის ცხოვრება რაც შეიძლება ჯოჯოხეთურად ვაქციო, სწორედ ამ დაწესებულებაში გავუშვებდი“.

პენიტენციური სამსახურის უფროსი, ალექსანდრ კალაშნიკოვი ამტკიცებს, რომ ციხეში ნავალნისთვის „სიცოცხლის საფრთხე“ არ არსებობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ირინა რეზნიკი და ჰენრი მეიერი