LIVE

რუსული "სბერბანკი" ევროპის ბაზარს ტოვებს

02 მარ 202210:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1873
რუსული "სბერბანკი" ევროპის ბაზარს ტოვებს

რუსეთის უმსხვილესმა კრედიტორმა, “სბერბანკმა”, განაცხადა, რომ ტოვებს ევროპულ ბაზარს, რადგან მისი შვილობილი კომპანიები ფულადი სახსრების დიდი გადინების წინაშე დგანან.

ბანკმა განაცხადა, რომ აღარ შეუძლია ლიკვიდობის მიწოდება შვილობილი ევროპული ბანკებისთვის, მაგრამ მისი კაპიტალის დონე და აქტივების ხარისხი საკმარისია ყველა მეანაბრის დასაკმაყოფილებლად.

"სბერბანკის" ევროპული ფილიალის დახურვის ბრძანება ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გუშინ მიიღო.

„შექმნილ ვითარებაში "სბერბანკმა" გადაწყვიტა დატოვოს ევროპული ბაზარი. ჯგუფის შვილობილი ბანკები აღმოჩნდნენ ფულადი სახსრების არანორმალური გადინების, თანამშრომლებისა და ფილიალების უსაფრთხოების რისკის წინაშე",- აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

"სბერბანკი" ერთ-ერთია იმ რუსულ საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რომლებსაც დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა. კერძოდ, სანქციები უზღუდავს „სბერბანკს“ დოლარში გაკეთებულ ტრანზაქციებზე წვდომას. ამ ფონზე ბანკის აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა და დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციები 1 ცენტადაც კი ივაჭრება.