LIVE

Nord Stream 2-ის მფლობელი კომპანია გადახდისუუნარობის განაცხადს ამზადებს - სანქციების შედეგი

01 მარ 202218:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1176
Nord Stream 2-ის მფლობელი კომპანია გადახდისუუნარობის განაცხადს ამზადებს - სანქციების შედეგი

შვეიცარიაში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელმაც Nord Stream 2 გაზსადენი ააშენა, შესაძლოა გადახდისუუნარობის შესახებ განაცხადოს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ორ განსხვავებულ წყაროზე დაყრდნობით წერს

გაზსადენის მფლობელ და ოპერატორ კომპანია Nord Stream 2 AG-ს აშშ-მა სანქციები გასულ კვირას, უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ დაუწესა. 

Nord Stream 2 AG რუსულ სახელმწიფო კომპანია Gazprom-ს ეკუთვნის. მან $11 მილიარდიანი პროექტი გასულ წელს დაასრულა. პროექტის მიზანი რუსეთიდან გერმანიაში გაზის გაორმაგებული მოცულობის მიწოდება იყო. 

წყაროებმა, რომლებმაც სააგენტოსთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ Nord Stream 2 AG გარკვეული ვალდებულებებისგან გათავისუფლების მიზნით, კონსულტაციებს ფინანსურ მრჩეველთან გადის.

მათივე ინფორმაციით, გადახდისუუნარობის პროცესი შეიძლება ოფიციალურად შვეიცარიის სასამართლოში მიმდინარე კვირაში დაიწყოს. 

Nord Stream 2 AG-მა და Gazprom-მა Reuters-თან კომენტარი არ გააკეთეს.

მილსადენი, რომელიც ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას აწვდის, წლების განმავლობაში იყო შეერთებული შტატებისა და ბალტიის ქვეყნების კრიტიკის სამიზნე. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის ზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგომომარაგებაზე.